ლაშა კომახიძე ბათუმის მერის რანგში მუშაობას 13 ნოემბრიდან შეუდგება

თბილისი (BPI) – ბათუმის მოქმედი მერი გიორგი ერმაკოვი ლაშა კომახიძეს მერის პორტფელს ოფიციალურად 13 ნოემბრიდან გადააბარებს.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაშა კომახიძემ ხმების 55,95% დააგროვა. ლაშა კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობამდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ლაშა კომახიძეს საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერული გამოცდილება აქვს. ის 1997-2000 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საზღვაო ბანკში“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, შემდეგ კი საინვესტიციო განყოფილების უფროსად; 2001-2003 წლებში იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის უფროსად; 2004-200 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში მენეჯერად სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით; 2008-2016 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტების ხელმძღვანელად მუშაობდა; 2013-2016 წლებში ენპარდ 1-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) აჭარის რეგიონში ხელმძღვანელად; 2016 წელს ენპარდ 2-ის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროექტების მენეჯერი იყო; იმავე წლის 18 ივლისიდან დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრად.