კრიზისი ვისოლ ჯგუფში:სმარტის სუპერმარკეტები იხურება, ვენდისში – ხელფასების შემცირება დაიწყო

თბილისი (BPI) -“ვისოლ ჯგუფი“  ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ასაკოვანი წარმომადგენელია. ბიზნეს ჯგუფი, რომლის მფლობელებიც ბიზნესმენები, ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეები არიან, ამჟამად აერთიანებს შვილობილ ბრენდებს: “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, “ეარ ვისოლი”, “ვისოლ გაზი”,  „ვიანორ ჯორჯია“, “ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია”, სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი”, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი “ვენდი”, დეველოპერული კომპანია “ველაჯიო” და სარეკლამო კომპანია “ალმა”.

“ვისოლ ჯგუფის“ მფლობელებმა ბიზნესი პირველ ეტაპზე ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაიწყეს. თავდაპირველად, 2002-2006 წლებში “კანარგო სტანდარტ ოილ“-ის ბრენდის ქვეშ, ხოლო 2006 წლიდან ჩამოყალიბდა ბრენდი “ვისოლი“, რომელიც ნავთობპროდუქტების ბაზარზე დღემდე ინარჩუნებს პოზიციებს.

“ვისოლ ჯგუფმა“ ნავთობროდუქტების ბიზნესში აქტიურად სწორედ მაშინ შეაბიჯა, როდესაც ეს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ანუ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. როდესაც ორი პრეზიდენტის ბიზნესად შერაცხული “სოკარი“, კეზერაშვილ-სააკაშვილის “გალფი“ და კიდევ რამდენიმე კომპანია თუ ახერხებდა ბაზარზე ოპერირებას და მაღალშემოსავლიანი ბიზნესის კეთება, როგორიც ნავთობპროდუქტებია, იმ დროისთვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იყო.  იმ პერიოდში ბაზარზე ყველა კომპანია შეთანხმებულად მოქმედებდა და მუდმივად დიდი მოგების მიზნით, მაღალი ტარიფებიც არასდროს მცირდებოდა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ხელისუფლების ცვლილებისთანავე დადასტურდა კიდეც, როდესაც კონკურენციის სააგენტომ ნავთობრპოდუქტების ბაზარზე არსებული ხუთი ძირითადი კომპანია სოკარი, ვისოლი, ლუკოილი, გალფი და რომპეტროლი კარტერულ გარიგებაში დაადანაშაულა და 55 მილიონით დააჯარიმა. კონკრეტულად “ვისოლი“ კი 10,4 მილიონით დააჯარიმდა.

ეს იყო მაშინ, იმ წლებში, როდესაც “ვისოლ ჯგუფმა“ და მისმა მფლობელებმა საკმაოდ დიდი შემოსავლები მიიღეს და ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, როდესაც ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდა, ბიზნეს-ჯგუფის მფლობელებმა ახალი ბაზრების დაპყრობა გადაწყვიტეს.

როგორც ვახსენეთ, “ვისოლ ჯგუფი“ რამდენიმე შვილობილ კომპანიას ფლობს, თუმცა, მათგან გამორჩეულად კომპანიამ სუპერმარკეტების ქსელ “სმარტის“ და სწრაფი კვების ობიექტების ქსელ “ვენდისის“ განვითარება გადაწყვიტეს. ყოველი სუპერმარკეტისა თუ სწრაფი კვების ობიექტის გახსნასაც მუდმივად ხმაურიანად ანონსდებოდა.

საბოლოოდ, გაიხსნა “სმარტის“ 16 სუპერმარკეტი და “ვენდის“-ის 10 სწრაფი კვების ობიექტი. მენეჯმენტისა თუ მფლობელების განცხადებით იგი უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმარკეტების ქსელი, “ვენდის“-ს რეალური კონკურენცია უნდა გაეწია “მაკდონალდისთვის“, რომელიც მუდმივად ყველაზე პოპულარული ქსელია  საქართველოში. თუმცა, როგორც დღესდღეობით ჩანს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა – “სმარტის“ სუპერმარკეტები ერთმანეთის მიყოლებით იხურება, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, “ვენდის“-ში თანამშრომლების ხელფასები საკმაოდ შეუმცირეს.

ამ ეტაპზე უკვე დაიხურა „სმარტის“ ვაზისუბნის, გლდანის და ვაკის ფილიალები და იგი კონკურენტ სუპერმარკეტების ქსელ “კარფურზე“ გაიყიდა. როგორც ჩანს, “ვისოლ ჯგუფმა“ კონკურენციას ვერ გაუძლო და ამიტომ კონკურენტებისთვის ობიექტების დათმობა გადაწყვიტა. მოსალოდნელია, რომ დაიხურება საბურთალოზე და რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტები. ვინაიდან, საბურთალოზე სწორედ “სმარტის“ წინ გაიხსნა “კარფური“, რაც სავარაუდოდ არსებულ სუპერმარკეტს ფაქტობრივად ჩაძირავს.

აი “ვენდისი“ კი ჯერ არ დახურულა, თუმცა როგორც იქ დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, მათ ხელფასები საკმაოდ შეუმცირეს, ხოლო თუ რითი იყო ეს ყველაფერი განპირობებული, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. როგორც ჩანს, “ვენდისსაც“ უჭირს ბაზარზე კონკურენცია და არ არის გამორიცხული ხელფასების შემცირების შემდგომ მისი ობიექტების დახურვის შესახებაც გავრცელდეს ინფორმაცია.

როგორც ჩანს, “ვისოლ ჯგუფის“ მფლობელებისთვის არც ისე მარტივი გამოდგა ახალი ბაზრების ათვისება და რეალურად კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობა. სხვა სიტუაციაა, როდესაც შენ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კარტერული გარიგებების შედეგად ოპერირებ და მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობ და აბსოლუტურად სხვაა, როდესაც რეალურ კონკურენტულ გარემოში გიწევს მოქმედება.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ბაზარს და “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, როგორც ჩანს, აქაც გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს მენეჯმენტი. სავარაუდოდ, “ვისოლის“ ყველა ან გარკვეული რაოდენობის ბენზინგასამართი სადგური “ეკოს“ ბენზინგასამართ სადგურად გადაკეთდება. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურის რებრენდინგი უკვე დაიწყო და იგი მწვანე ფერის ნაცვლად წითელ-თეთრ ფერებში იღებება. “ვისოლ ჯგუფში“ ამის შესახებ ოფიციალურ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა, როგორც თავად ბენზინგასამართ სადგურზე აცხადებენ, იგეგმება რომ “ვისოლის“ სადგურები, “ეკოდ“ გადაკეთდეს.

შეგახსენებთ, რომ “ეკო“-ს საწვავი, თავისი ხარისხიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო საქართველოში, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად გააძევეს ეს ბრენდი ქვეყნიდან და 2014 წელს “ვისოლმა“ “ეკოსგან’‘ საქართველოში საწვავის მიწოდებასა და “ეკოს’‘ სავაჭრო ნიშნის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.  როგორც ჩანს, სწორედ ამ უფლების გამოყენებას აპირებს ამჟამად კომპანია, თუმცა, ყველა ბენზინგასამართი სადგური შეიცვლება თუ მხოლოდ ნაწილი და გაქრება თუ არა “ვისოლის“ “მაგიური მწვანე“ ამას უკვე დრო გვიჩვენებს. იმაზეც არავინ საუბრობს ამ ეტაპზე თუ რითია განპირობებული ეს ცვლილება, იმით, რომ “ვისოლმა“ კლიენტების დიდი რაოდენობა დაკარგა და ამიტომ, თავის გადარჩენის მიზნით გადაწყვიტა რებრენდინი, თუ უბრალოდ ,,ეკოს“ ბრენდის დაბრუნება გადაწყვიტა.

მოკლედ, ფაქტია, რომ ,,ვისოლ ჯგუფში“ გარკვეული კრიზისის ნიშნები უკვე არსებობს და წინა ხელისუფლების დროს წარმატებულმა ,,ვისოლ ჯგუფის“ მფლობელმა  ბიზნესმენებმა, ახალ დროებას ფეხი, თითქოს,  ვერ აუწყვეს. დანარჩენი უფრო დეტალურად მოვლენების განვითარების შემდეგ გახდება ცნობილი, რის შესახებაც CBW პერიოდულად მიაწვდის ხოლმე ინფორმაციას მკითხველს.

გიორგი კაპანაძე, CBW