კობახიძე: მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას ემსახურება

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების დაწყებას აფასებს.

ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებაა. „პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ხარჯების ოპტიმიზაციაც იქნება, შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებები ყველა თვალსაზრისით დადებით შედეგებს მოიტანს. „ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.