კობა გვენეტაძე: მტკიცება, რომ ბანკები კაპიტალის ბაზრის განვითარებით არ ინტერესდებიან, უსაფუძვლოა

თბილისი  (BPI) – დაბალი ლიკვიდურობა, ვაჭრობის მცირე მოცულობები, ინვესტორთა სიმცირე, ფინანსური ინსტრუმენტების ნაკლებობა, არასაკმარისი ფინანსური განათლება,- სებ-ის პრეზიდენტმა საფონდო ბაზრის  გამოწვევებზე „ბანკებს და ფინანსებს“ ესაუბრა. კობა გვენეტაძემ  ინფრასტრუქტურაზეც აღნიშნა, ერთადერთი პლატფორმა რომ ჯერ კიდევ  ათეული წლების წინ შექმნილი საფონდო ბირჟაა, რომელიც  კი განახლდა (USAID-ის პროექტის ფარგლებში), თუმცა წლების განმავლობაში მოძველდა, არ განვითარდა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა საერთაშორისო ტენდენციებს და სტანდარტებს.

„მაშინდელმა ბირჟამ ვერ შეძლო აღნიშნული პლატფორმით ინვესტორების სათანადოდ დაინტერესება და მას შემდეგ, რაც კანონით ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითი გახდა (2007 წლამდე ფასიანი ქაღალდები მხოლოდ  ბირჟაზე ივაჭრებოდა, შემდეგ დაიშვა ფიქსინგი) საწარმოთა უმრავლესობამ ბირჟის გარეთ ვაჭრობა არჩია“, კობა გვენეტაძე  ბირჟის საკონტროლო პაკეტის  (58%)  მფლობელი ბანკების შესაძლო არასათანადო მონდომებაზე, „ბანკების და ფინანსების“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ რეალურ, ობიექტურ ფაქტებსა და მონაცემებს. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შვილობილი კომპანიების ფლობაში ბირჟის დაახლოებით 37%-ია, რაც გამორიცხავს კომპანიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ისე მიღებას, რომ მასში ბირჟის სხვა აქციონერები არ მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, საფონდო ბირჟის აქციონერები (მათ შორის ბანკები) ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში. უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური ანგარიშსწორების სისტემა კაპიტალის ბაზრების განვითრების აუცილებელი პირობაა. აღნიშნული რეფორმა ბაზრის ყველა მონაწილეს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების ანგარიშსწორების ადვილად და რისკების გარეშე განხორციელების საშუალებას მისცემს”.

სებ-ის პრეზიდენტმა  10-20 მლნ-ის გარიგებით რამდენიმე ასეული მლნ ლარის მოგებაზე გასვლის შესაძლებლობაზე აღნიშნა: „დამეთანხმებით, რომ თუ ამ შემთხვევაში ანგარიშსწორების რაიმე რისკები არსებობს, რამდენიმე ასეული ლარის გამო  რამდენიმე მილიონს არავინ გარისკავს. სწორედ ამიტომ, ბირჟაზე ვაჭრობა შეუძლებელია თანამედროვე უსაფრთხო სიტემების გარეშე. ამიტომაც სებ-მა  ბირჟასთან თანამშრომლობით,  ანგარიშსწორების სისტემის განახლება დაიწყო, ისე, რომ მან კერძო ფასიანი ქაღალდებიც მოიცვას. სებ-ი  სახელმწიფო ვალდებულებების ნაწილში მონაწილეობს კერძო სექტორის ნაწილის ინვესტიციას კი კერძო დეპოზიტარი ახორცილებს, რომელიც ბირჟის მფლობელობაშია.

მომავალში, დაგეგმილია  თანამედროვე სავაჭრო სისტემის დანერგვა. მთლიანობაში, კერძო სექტორის ინვესტიციები ბირჟის განვითარებაში 2 მილიონ ლარზე მეტია, ამიტომ, იმის მტკიცება, რომ ბანკების მხრიდან არ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების დაინტერესება საფუძველს მოკლებულია“,  – ამასთან აქციონერების დავის გაჭიანურებაზეც აღნიშნა, „რაც ხელს უშლის ბირჟის ნორმალურ ფუნქციონირებას, რადგანაც ბირჟის ისედაც მწირი რესურსების და დროის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ დავებში მონაწილეობაში იხარჯება“.