ხაზარაძე: ლოურსენის განცხადებები საბოტაჟია და ანაკლიის პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება

თბილისი (BPI) –  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე ფოთის პორტის გენერალური დირექტორის კლაუს ლოურსენს ეხმაურება, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს ღრმაწყლოვანი პორტის „საჭიროება არ არის“.

„ეს არის შემაშფოთებელი, რამეთუ, ეს  განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც საქართველო ატარებს აბრეშუმის გზის ფორუმს, მოწვეული ჰყავს 60 ქვეყნის წარმომადგენელი და აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ამ მარშრუტზე. ამ მარშრუტზე ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის გარეშე წარმოდგენა არის შეუძლებელი“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში კლაუს ლოურსენის განცხადებების საპასუხოდ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მსგავსი განცხადებები წინ ეღობება საქართველოს ახალ შესაძლებლობებს, მისი ეკონომიკის განვითარებას.

„ეს არის საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დაამატა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ანაკლიის  დისკრედიტაციას, თუმცა, ერთი მხრივ, კარგია, რომ ფოთის პორტის ოპერატორმა ამჯერად ღიად დააფიქსირა „ის ფარული ლობირება, რომელსაც არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც ეწევა ანაკლიის და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის წინააღმდეგ“.

APM Terminals-ის – ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის – წარმომადგენელი კლაუს ლოურენსი ამავე გადაცემაში („საქმის კურსი“) აღნიშნავდა, რომ დიდ გემებს შავ ზღვაში აბრეშუმის გზის მარშრუტის გადაზიდვებისთვის არ გამოიყენებენ.

ამის საპასუხოდ, გადაცემაში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც შავ ზღვაზე მცურავი გემების 48%, ე.წ. დიდი გემები არიან, რომელთა მოცულობა 3 000-დან 10 000 TEU-მდეა (წყარო: ALG, Alphaliner). კიდევ ერთი სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ, რაც APM Terminals-ი ფოთის პორტის ოპერატორი გახდა, ფოთის ტვირთბრუნვა საგრძნობლად შემცირდა: 2014 წელს ფოთის პორტის ტვირთბრუნვა იყო 8.6 მლნ, 2016 წელს კი იგი  6.3 მილიონ ტონამდე შემცირდა.

კიდევ ერთი სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ხაზარაძემ გადაცემაში მოიშველია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ფოთის პორტის ოპერირების კოეფიციენტი და მისი კრიტიკულ ზღვარამდე შემცირებაა. 2012 წელს, წლის განმავლობაში, ფოთის პორტის დახურვის კოეფიციენტი იყო 14%, 2017 წელს კი დახურვის კოეფიციენტი 40%-მდე გაიზარდა (წყარო: საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო).

„რომელი ქვეყნის და რომელი ტრანზიტული ფუნქციის, აბრეშუმის გზის განვითარებაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეა ლაპარაკი, როცა ერთ-ერთი მთავარი პორტი, ფოთის პორტი…მთელი წლის განმავლობაში  დაკეტილია სხვადასხვა მიზეზების გამო?“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე. მისივე თქმით, ფოთის პორტის ოპერატორი საკუთარი ბიზნესინტერესების გამო, ხელს უშლის სხვა ბიზნესს, რომლის ინტერესები ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებთან იკვეთება.

ხაზარაძისვე თქმით,  „მათ [APM Terminals-ს] ეს პირველად არ გაუკეთებიათ, მე შემიძლია დოკუმენტურად მოგაწოდოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, როდესაც ისინი ოპერირებდნენ ძველ პორტში… ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კონსულტატებისგან გვაქვს მიღებული“, „როცა სახელმწიფომ გადაწყვიტა ახალი პორტის მშენებლობა, იმ მომენტში იწყებენ საკმაოდ სერიოზულ პიარ-კამაპნიას, საბოტაჟს. ამბობენ, რომ ახალი პორტი ამ ქვეყანას არ სჭირდება“, ამის შედეგად კი რამდენიმე ქვვეყანამ ახალი პორტების მშენებლობა გადადო და შედეგად დღეს არც ერთი ეს ქვეყანა „არ არის იმ მძლავრ სატრანსპორტო ნაკადში ჩართული, რომლის იმედიც მათ ჰქონდათ, რომ  ჩაერთვებოდნენ, სწორედ ამ კომპანიის გამო“.

საქართველოს,  „როგორც აქსიომა, სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, „ნაკადები იზრდება და, შესაბამისად, პატარა გემები ვერ ქმნიან იმ ეკონომიკას, რომ ჩვენ აბრეშუმის გზას მოვემსახუროთ და თუნდაც მოვემსახუროთ იმ კონტრაქტებს, რომლებიც უკვე  გაფორმებლი გვაქვს… ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი,  თურქმენეთი და ა შ. მსხვილი და დიდი გემების გარეშე ამ ეკონომიკას ჩვენ ვერ შევქმნით“, განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი არ არის მნიშვნელოვანი როგორც მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი.  მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, „ქართველებისთვის ის არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რომ დავუახლოვდეთ და გავაუმჯობესოთ იმ ხალხის მდგომარეობა რომელიც იმ რეგიონში ცხოვრობს – მეგრელის, აფხაზის და ყველა იმ ადამიანის, რომ ერთად დავიწყოთ რაღაცის კეთება. საკმაოდ დიდ ინვესტიციაზეა საუბარი და ეს ინვესტიცია აბსოლუტურად ყველას სასარგებლოდ იქნება მიმართული“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. მისი გახსნა და პირველი გემების მიღება 2021 წელს იგეგმება.