ხანძრების ეკონომიკური გავლენა

თბილისი (BPI) – ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ეკოსისტემის ფასეულობა. „კლიმატის ეკონომიკაზე“ გავლენას ახდენს ჯანსაღი ეკოსისტემა, ბუნებრივი რესურსების განვითარება, ხალხის ჯანმრთელობა, კლიმატის ცვლილებები, ეკოლოგიური მდგომარეობა.

არსებითია აღინიშნოს, რომ ხანძრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. ხანძრებს გააჩნია, როგორც გლობალური ისე ლოკალური შედეგები. ბიზნესისათვის წარმოდგენს უმნიშვნელოვანეს გამოწვევას და რისკს. წამყვანი გლობალური ორგანიზაციების კვლევებით, ხანძრები შედის გლობალური საფრთხეების ათეულში,  რომელიც ცვლის დედამიწის ეკოსისტემას, აზიანებს ფლორას და ფაუნას.

მსოფლიოში, ყოველწლიურად  საშუალოდ 7.5 მლნ-ზე მეტი ხანძარი წარმოიქმნება, რომელიც პლანეტის ზედაპირის 5%-ს მოიცავს და უარყოფით კლიმატურ ცვლილებებს იწვევს.მათ შორის მილიონზე მეტი ტყის და ლანდშაფტის  ხანძრის კერებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის გადარჩენისათვის ტყეს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა (შთანთქავს ნახშიროჟანგს, აფერხებს კლიმატის ცვლილებებს, იძლევა საკვებს, წყალს, ხე-ტყეს, ბიო-ენერგიას. ასევე,  განსაზღვრულ როლს ასრულებს ამინდისა და მიკრო-კლიმატის ფორმირებაში), სახელმწიფო ვალდებულია ფლობდეს პრევენციის მყისიერ მექანიზმებსა და ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ დღეს, მსოფლიო მოსახლეობის 25% დამოკიდებულია ტყის რესურსებზე. თუმცა, სამწუხაროდ ყოველწლიურად 13 მლნ ჰექტარი ტყის ფართობი ნადგურდება, ხანძრის, სატყეო მეურნეობის მართვის,  კერძო თუ სამოქალაქო სექტორის მიერ (World Resources Institute).

ხაზგასასმელია, რომ ტყის ხანძრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ:

  • ბუნებრივი რესურსების შემცირება/განადგურება; ხე-ტყის მასალის განადგურება;
  • ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და ტრამვები;
  • ინფრასტრუქტურის დაზიანება და განადგურება;
  • ხანძრის პრევენციისათვის „არაპროფილური“ უწყების/სააგენტოების მუშაობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების „შეფერხება“;
  • სარეკრეაციო ზონებისა და ტურიზმის პირდაპირი თუ ირიბი დანაკარგები;
  • სადაზღვევო ღირებულებები და დანაკარგები;
  • პოლიტიკური ნდობის შემცირება (ხანძარი იწვევს გაურკვევლობის და არასტაბილურობის განცდას);

ამასთან, ხანძრის თანმდევი პროცესების შედეგად, ჰაერის დაბინძურება, წყლისა და ნიადაგის  ეკოლოგიური პრობლემები  საჭიროებს ზრუნვას და პრევენციულ ღონისძიებებს. ეს კი გარკვეულ ტვირთად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს.

აღსანიშნავია, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ხანძრების „ღირებულება“  მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რომელიც მოიცავს: პირდაპირ და ირიბ ზიანს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მართვას და შენახვას, მონიტორინგისა და დისტანციური კონტროლის სისტემას, დაზღვევისა და უსაფრთხოების სისტემას, ხანძრის უსაფრთხოების  სამეცნიერო-ტექნიკურ კვლევებს, საკონსულტაციო და სამეცნიერო მუშაობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ქართულ ბიზნეს სექტორისათვის (ელიავას ბაზრობის, „ბავშვთა სამყაროს“ შენობის და სხვა ბიზნეს სუბიექტების), ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბები, რომელიც დაზღევევის არმქონე პირების, სახელმწიფოს მცირე კომპენსაციის, უიმედობის პირობებში, მხოლოდ „ზოგადად და გაურკვეველ სტატისტიკად“ რჩება. ამასთან, ბიზნეს სივრცეში მომხდარი აღნიშნული ხანძრები გარკვეულ კავშირშია სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის, ემიგრაციის თუ უმუშევრობის ზრდასთან.

თვალსაჩინოებისათვის, ეკონომიკური დანაკარგების გარდა გასათვალისწინებელია სოციალური დანაკარგებიც. მართალია სოციალური დანაკარგები ეკონომიკურ შეფასებას არ ექვემდებარება, მაგრამ ცალკეული სოციალური ზიანის შეფასება შეიძლება გამოისახოთ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. მაგალითად,  ერთი ამერიკელის სიცოცხლე ფასდება 278 ათას დოლარად, მათ შორის  172 ათასი – სამუშაოს შეწყვეტა, 1200 დოლარი – დაკრძალვის ღირებულება, 13 ათასი დოლარი – სამედიცინო დახმარება. ასევე, აშშ-ის ბიუროს ცნობით, ამერიკელის სიცოცხლე 30 წლის ასაკში შეფასებულია 386 ათას დოლარად, ხოლო 50 წლის შემდგომ 205 ათას დოლარად. აშშ-ი ყოველწლიურად ხანძრის დამწვრობის შედეგად 100 ათასი ადამიანის ჰოსპიტალიზაციას ახდენენ, ხოლო გაწეული ხარჯები ფასდება 1 მლრდ დოლარით (აშშ-ის უსაფრთხოების  ნაციონალური ასოციაცია). ასეთი შეფასების წარმოება საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ანალიტიკოსებისა და მეცნიერ-მკვლევარების დეფიციტის ფონზე შეუძლებელია.

საქართველოში, 2001-2015 წწ-ში დაფიქსირდა ხანძრების 20860 შემთხვევა. აქედან დაიღუპა 313  და დაშავდა 633 პირი (შსს). Global Forest Watch Fires-ის მონაცემებით, 2012-2017 წწ-ში, საქართველოში დაფიქსირდა ტყის ხანძრების  4000-ზე მეტი შემთხვევა. ხანძრის შედეგად, მხედველობაში უნდა მივიღოთ (განსაკუთრებით საკურორტო ზონებში) გარემოს დეგენერაცია  და  „ფრაგმენტაცია“, რაც ჯამში „იზოლირებული სივრცის“ რღვევას იწვევს.

სტატიაში აღვნიშნავ, რომ აღნიშნულ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ხანძრის კერების ჩაქრობა ისევ ხორციელდება, რთულია მონეტარული მაჩვენებლით სრულად შეფასდეს ზიანის პირდაპირი თუ ირიბი ხარჯი და მოხდეს მისი ეკონომიკური ანალიზი.

გასათვალისწინებელია, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები. მომავალ პერიოდში, ტყის ხანძრების უფრო მსხვილმასშტაბიანი და  უფრო უარესი შედეგების იქნება (Union of Concerned Scientists).

ამასთან, რამდენადაც ტყის ხანძრები ძირითად შემთხვევაში მიუდგომელ და მიუწვდომელ ადგილებში ჩნდება, ხანძრების პრევენციის მიზნით საჭიროა გამოყენებული იქნას ტყის მონიტორინგის გლობალური სისტემები, თანამგზავრის სისტემები, მონაცემთა მოპოვების დისტანციური ზონდები და ონლაინ პლატფორმები (American Association for the Advancement of Science).

ჯამში, მთავრობა ვალდებულია შექმნას ისეთი მოქნილი მართვის ცენტრი სათანადო ტექნიკითა და  ეფექტიანი პროგრამებით, რომელიც მიმართული იქნება ხანძრების დროულ ინფორმირებასა და გამოვლენაზე, რისკის ზონებში საფრთხეების პრევენციასა და შემცირების ღონისძიებებზე.

რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი