კერძო სექტორს სტარტაპების დასაფინანსებლად გამბედაობა არ ჰყოფნის

თბილისი (BPI) – პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2016 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შუწყოს დამწყები ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. „სტარტაპ საქართველოში“ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ეკონომიკურად მომგებიანი ახალი ან კარგად გაუმჯობესებული იდეა, რომელიც საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი და მომგებიანი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარს სახელმწიფოსგან შეუძლია თანადაფინანსების მიღება 15 000 დან 100 000 ლარამდე.

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, წარმატებული პროექტების შემთხვევაში, დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად პროექტი გაიტანოს და კოორდინაცია გაუწიოს სილიკონის ველზე. თუმცა, სამწუხაროდ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში სტარტაპ იდეებით, კერძო სექტორი პრაქტიკულად არ ინტერესდება და ამ კუთხით მთელ ტვირთს სახელმწიფო იღებს. მაშინ როდესაც დასავლურ ქვეყნებში სახელმწიფო საინვესტიციო თვალსაზრისით, პრაქტიკულად არ ერევა სტარტაპების დაფინანსებაში. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში სტარტაპებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ მშპ-ის ფორმირებაში, ასევე სტარტაპები სამუშაო ადგილების ძალიან კარგი მიმწოდებლები არიან ბაზარზე, ამ ქვეყნებში მიმზიდველ სტარტაპ იდეებს, ნაბიჯ- ნაბიჯ ანვთარებენ, წარმატებულ კომპანიად გარდაქმნამდე მანამ, სანამ სტარტაპი არ გაიყიდება, ანუ სანამ არ მოხდება ე.წ „ექსითი“.

სტარტაპის განვითარების დასავლური მოდელი

პირველ რიგში სტარტაპერების ჩამოყალიბება ხდება პროფესიულ სასწავლებლებში, რომლებშიც სტარტაპერებს როგორც ტექნიკურად, ისე მორალურად საკმაოდ კარგად ამზადებენ, შემდგომი ბიზნესის წარმოებისთვის. შემდეგ მოდის „ენჯელ ინვესტორები“ ადამიანები, რომელიც პირველ დაფინანსებას აძლევს სტარტაპს. შემდეგი ეტაპია აქსელერატორის გარემო. აქესლერატორში გამართული მოკლე პრეზენტაციის შემდეგ კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს, წამოიღოს დამატებითი სახსრები, კომპანიის თანამშრომლებისთვის, რეგულარული ერთგვარი, ხელფასის გადასახდელად, რათა ახალგაზრდა კომპანიამ მეტი დრო დაუთმოს პროდუქტზე მუშაობას. ამას მოსდევს, კომპანიის მხრიდან ვენჩურულიკაპიტალის მოზიდვა. ვენჩურულიინვესტიციის მოზიდვა არის ერთ-ერთი ბოლო საფეხური „ექსითიმდე“. ვენჩურულ ინვესტიციას ჩვეულებრივი ინვესტიციისგან, გაცილებით მაღალი რისკი განასხვავებს. ასევე, ინვესტორი ინვესტიციის სანაცვლოდ კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ხდება. სწორედ ეს არის ვენჩურულიინვესტიციის მთავარი ხიბლი. ასეთ შემთხვევაში კომპანიის წარმატებით გაყიდვის შემთხვევაში, ანუ „ექსითის“ წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორი მნიშვნელოვან ბენეფიტებს იღებს. „ექსითის“ შემდეგ ანუ კომპანიის გაყიდვის შემდეგ კომპანია სტარტაპად აღარ ითვლება და მიიჩნევა, რომ ასეთ შემთხვევაში სტარტაპი შედგა.

რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი სტარტაპებით საქართველოში

დღეს საქართველოში გარკვეულწილად ფულის მწვავე შიმშილია. კომერციული ბანკები მოქმედ ბიზნესებსაც კი რთულად აკრედიტებენ ან ისეთ პროცენტში გასცემენ ბიზნესსესხებს, რომ თითქმის შუძლებელია მეწარმე ასეთ ძვირადღირებულ სესხსაც მოემსახუროს და ბიზნესიც განავითაროს. ცხადია, ისეთ რეალობაში როდესაც უკვე გამართული ბიზნესების დაკრედიტებაც კი ჭირს, არცერთი კომერციული ბანკი არ მისცემს სტარტაპერს ფაქტობრივად უფასო ფულს.

აღსანიშნავია, რომ არც სხვა ქვეყნებში იღებენ ამ ტვირთს კომერციული ბანკები და იქაც ძირითადად ბიზნეს სექტორი და ვენჩურული ფონდები იღებენ ძირითად მონაწილეობას სტარტაპების დაფინანსებაში. მაგრამ ჩვენთან ამ მიმართულებითაც სავალალო მდგომარეობაა.

დღეს ქართული ბიზნესი პრაქტიკულად შეუძლებელია დაარწმუნო იმაში, რომ სტარტაპ ბიზნესში ჩადოს ფული და ამასაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზი. ადგილობრივ ინვესტორებს უბრალოდ კვალიფიკაცია არ ყოფნით იმისათვის, რათა შეაფასონ რამდენად პოტენციურია ესა, თუ ის სტარტაპ იდეა. თავის მხრივ სტარტაპ ბიზნესის შეფასებაც სპეციფიკურია იმდენად, რამდენადაც ინვესტორი პრაქტიკულად იდეაში აბანდებს ფულს. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე სტარტაპს განიხილავენ არა როგორც მაღალრისკიან ბიზნესს, არამედ როგორც ბიზნესს, რომელიც პრაქტიკულად წაგებისთვის არის განწირული, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი მიდგომაა.

აღნიშნული პრობლემა სხვა უკვე კარგად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც ედგათ თავის დროზე და მათ ეს პრობლემა ვენჩურულიფონდების საშუალებით გადაჭრეს. ვენჩურულიფონდი ეს არის ერთგვარად სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ჰყავს საკუთარი ექსპერტები, სწორედ ამ ექსპერტების მოვალეობაში შედის სტარტაპის შეფასება. ისინი დეტალურად სწავლობენ სტარტაპ იდეას და თუ იდეა ეკონომიკურად მართლაც, პერსპექტიულია მხოლოდ ამის შემდეგ აბანდებენ ფულს სტარტაპში. მაგრამ, ბიზნესგეგმის შესწავლის გარდა ეს ფონდები წმინდა მათემატიკურ გათვლებსაც ეყრდნობიან, რაც გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად თუ ვენჩერულ ფონდს 5 სტარტაპი აქვს დაფინანსებული და 5 – დან ერთ-ერთმა მაინც გაამართლა, ეს ფონდი დანარჩენი 4 ჩავარდნილი პროექტის ფულსაც ამოიღებს, ეს წმინდა მათემატიკური გათვლებია და მოსაზრება, რომ ვენჩურულიფონდები მხოლოდ წმინდა წყლის „ლატარიას“ თამაშონენ რა თქმა უნდა მცდარია.

დასკვნა

„სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა 50 -ზე მეტი სტარტაპ იდეა, ზემოთ ხსენებულ პრობლემათა გამო, ამ პროექტების სრული უმრავლესობა სახელმწიფომ დააფინანსა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ სტარტაპიც ისეთივე ბიზნესია როგორიც სხვა დანარჩენი და აქაც კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე, მიმართულების სრულად განვითარების ილუზია არ უნდა გვქონდეს. ამის ნათელი მაგალითია ქართული სტარტაპების უცხოეთში გასვლა და შემდგომში იქ დაფუძნება, რაც ქვეყანაში ეკოსისტემის პრაქტიკული არარსებობით აიხსნება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მართალია დღეს სახელმწიფო ნიჭიერ ახალგაზრდებს გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს ხორცი შეასხან საკუთარ იდეას და შემდგომში სტარტაპის სილიკონის ველზე გატანის ვალდებულებასაც იღებს, მაგრამ როგორც ეკონომიკის ყველა მიმართულებაში აქაც, პრაქტიკულად წარმოუდგენელია სახელმწიფომ მუდმივად ჩაანაცვლოს კერძო სექტორი.

პაატა ბაირახტარი,

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი