ჯიპიაი ჰოლდინგი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი’’ იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც საპენსიო დაგროვებით სისტემაზე გადასვლა სავალდებულო არ არის, კერძო საპენსიო ფონდის საშუალებით მათზეც შეღავათიანი პირობების გავრცელების ინიციატივით გამოდის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი პაატა ლომაძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შესაბამის უწყებასთან უკვე დაწყებულია.

როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო სქემით, რომელიც 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეების სავალდებულოდ ჩართვას გულისხმობს,  მოსახლეობის მცირე ნაწილს მოიცავს და  შესაძლობა, ვერ მივიღოთ ის შედეგი, რისი მოლოდინიც არსებობს.

“ამიტომ, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მთავრობას მიმართა ინიციატივით, კერძო სადაზღვევო სექტორთან ერთად, შემუშავდეს ისეთი მოდელი, რომელიც 40 წლის ზემოთ დასაქმებულ და თვითდასაქმებულ პირებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, ნებაყოფლობით ჩაერთონ უკვე კერძო საპენსიო პროგრამაში და  ისარგებლონ იმავე საგადასახადო შეღავათებით. შეღავათი გულისხმობს ერთი მხრივ, დამსაქმებელის გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადიდან იმ კონტრიბუციით, რომელსაც ის აკეთებს და მეორე მხრივ, მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან 2%-ს დამატებას იმისთვის, რომ ამ დაგროვებას ხელი შეუწყოს.

ჩვენ მიერ შეთავაზებულმა მოდელმა უნდა მოიცვას გაცილებით მეტი ადამიანი. ამან თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში საინვესტიციო რესურსების მობილიზებას, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე,“ – განმარტავს ლომაძე.

გარდა ამისა, ჯიპიაი ჰოლდინგი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპენსიო ფონდისა და სიცოცხლის დაზღვევის კომბინირებულ მოდელი, რომლიც დიდი ხანია დანერგილია და წარმატებით მუშაობს ევროპის ქვეყნებში. კომბინირებული მოდელის დანერგვით,  შესაძლებელი იქნება, დაზღვეულის საპენსიო ასაკამდე მიუღწევლობის შემთხვევაშიც კი დანაზოგითა და კომპენსაციით ისარგებლოს მისმა მემკვიდრემ.

საპენსიო რეფორმა, რომელიც დასაქმებულის მიერ საკუთარი პენსიის დაგროვებას გულისხმობს, 2018 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება და მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული პირებისთვის. თითოეული მოქალაქისთვის გაიხსნება საპენსიო ანგარიში, რომელზეც თავად დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო დასაქმებულის ხელფასის  2–2%-ს გადაირიცხება.