ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლისთვის 111 მლნ-ით იზრდება

თბილისი (BPI) – შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 111 მლნ ლარით იზრდება და 3,527 მლრდ ლარით განისაზღვრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით სოციალური დაცვის მიმართულებით ზრდა შეადგენს 25.2 მლნ ლარს, მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფაზე 20 მლნ ლარით მეტი მიიმართება, ხოლო ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში – 28 მლნ 200 ათასი ლარია განსაზღვრული, ანუ, წლევანდელ წელთან შედარებით, 5,2 მლნ ლარით არის ზრდა. “მნიშვნელოვანი ზრდაა ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში. ჯამში, ჯანდაცვის პროგრამებზე მიმდინარე წელთან შედარებით 88,3 მლნ ლარით მეტი მიიმართება. ყველაზე მსხვილი ზრდა არის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. გამოვარჩევ იმუნიზაციის პროგრამას, რომელიც 6 მლნ ლარით იზრდება, გაზრდილია დიაბეტის მართვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დაგეგმილი და ასევე, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების პროგრამები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია, თუმცა, კომიტეტს აქვს შენიშვნებიც. წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ნარკომანიის პრევენციისთვის ფინანსური რესურსის მიმართვის მნიშვნელობა.

„გვაქვს გარკვეული შენიშვნები. ბიუჯეტზე ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ, ამაში დაგვეხმარნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კარგი მმართველობის ინციატივის პროგრამის“ (GGI) ფარგლებში,  განვიხილეთ ექსპერტებთან ერთად და ჩამოვაყალიბეთ გარკვეული შენიშვნები.

ჩვენ მოვახდინეთ ნარკოკანონმდებლობის  – გარკვეული ძირეული რეფორმის ინიცირება. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, პარლამენტის თითოეული წევრი თანხმდება, არის ნარკომანიის პრევენციაში ფულის ჩადების დაწყება. ეს ის საკითხია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. საუბარია საერთაშორისოდ აპრობირებულ მეთოდოლოგიებზე, რომლებიც პირველ რიგში, სკოლებიდან დაიწყება და შესაბამისი სახსრების მობილიზება არა მარტო ჯანდაცვის, არამედ განათლების მიმართულებითაც აუცილებელია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ამოცანა შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებაა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების მეთოდის დანერგვის აუცილებლობაც.

„ჩვენი ამოცანა არის შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. შესაბამისად, ამისთვის შედეგების გაზომვა უნდა შეგვეძლოს. კომიტეტი მზადაა ჩაერთოს ამ სამუშაოში. აუცილებელია, დავნერგოთ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების მეთოდი, რომელიც ერთიან ფასებს განსაზღვრავს – ეს იქნება სახელმწიფოს, პაციენტის თუ სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი. სადაც ფასწარმოქმნა იქნება სამართლიან პრინციპზე დამყარებული, რომელიც რესურს ტევადობაზე დაემყარება. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.