IMF სებ-ს მონეტარულ პოლიტიკას უწონებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარულ პოლიტიკას უწონებს და მიაჩნია, რომ საქართველო კარგად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს მცურავ გაცვლით კურსთან ერთად.

ფონდში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკა მართებულად ფოკუსირებული რჩება ფასების სტაბილურობაზე, რაც მხარდაჭერილია მცურავი გაცვლითი კურსით და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა არსებული ვითარების შესაფერისია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს დაკვირვება ფინანსური სექტორის განვითარების, მათ შორის სესხების ზრდის მიმართულებით.

“საქართველო კარგად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს მცურავ გაცვლით კურსთან ერთად. სავალუტო ინტერვენციების გამოყენების არსებული პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და მიმართული უნდა იყოს მხოლოდ გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად და რეზერვების დასაგროვებლად. საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯები ლიკვიდობის მართვის, ეკონომიკის დედოლარიზაციის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით აძლიერებს მონეტარულ ჩარჩოს.

მისასალმებელია მონეტარული ხელისუფლების ქმედებები ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები სათანადოდ გააფართოებს ცენტრალური ბანკის როლს არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების და საკრედიტო ბიუროების რეგულირებასა და ზედამხედველობაში, გააძლიერებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბანკების ზედამხედველობას კონსოლიდირებულ დონეზე. ასევე შექებას იმსახურებს ხელისუფლების მცდელობა გააუმჯობესოს კრიზისულ სიტუაციებში ლიკვიდობის მხარდაჭერის საკანონმდებლო ჩარჩო”, – ნათქვამია სსფ-ს გავრცელებულ განცხადებაში.