IMF-ის მიზანი და თანამშრომლობა ქვეყნებთან

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი და ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციაა 184 წვერი სახელმწიფოთი, მათ შორის საქართველოც. მისი შექმნის მიზანი საერთაშორისო მონეტარული თანამშრომლობა, გაცვლითი კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ხოლო ძირითად ფუნქციას წევრი ქვეყნებისთვის საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით დროებითი ფინანსური დახმარების გაწევა წარმოადგენს.

IMF-ი ძირითადად კონცენტრირებულია წევრი ქვეყნების მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც მოიცავს ერთობლივ დანახარჯებს, შემოსავალს, დასაქმების დონეს, ინფლაციის დონესა და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსს.

შესაბამისად, IMF-ის მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს საერთაშორისო მონეტარულ კოოპერაციას მუდმივი ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც გასცემენ კონსულტაციებს და თანამშრომლობენ საერთაშორისო მონეტარულ პრობლემებზე.
  • ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის სტაბილურობას, გაცვლით კურსზე შეთანხმების მიღწევას და არ დაუშვას კონკურენტული გაცვლითი კურსის არსებობა წევრ ქვეყნებს შორის.
  • ხელი შეუწყოს გადახდის მულტილატერალური (მრავალმხრივი) სისტემის დანერგვას.
  • მოიპოვოს წევრი ქვეყნების ნდობა, რათა მიიღოს ფონდის ძირითადი რესურსები, რომლის გამოყენების უფლებაც შეიძლება დროებით გადაეცეს წევრ ქვეყნებს, გარკვეული გარანტიის სანაცვლოდ, რათა მათ გამოასწორონ საგადამხდელო ბალანსი იმ ღონისძიების გაუტარებლად, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მათი ეკონომიკისათვის.
  • ზემოთქმულიდან გამომდინარე შეამციროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო საგადამხდელო ბალანსის უთანასწორობის ხარისხი.

სპეციალური სასესხო უფლებები – SDR

სპეციალური სასესხო უფლებები (SDR – special drawing right), არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც IMF-მ შეიმუშავა 1969 წელს იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე ფულადი აქტივები და მათი შესაძლო ზრდა არ იქნებოდა საკმარისი მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობისთვის. იმ დროისთვის ძირითადი რეზერვები იყო ოქრო და აშშ დოლარი, შესაბამისად SDR წარმოდგენილი იყო, როგორც დამატებითი სარეზერვო აქტივი, რომელიც IMF-ს შეეძლო პერიოდულად განეთავსებინა წევრებში, როდესაც ამის საჭიროება იყო, და გაეუქმებინა საჭოროები მიხედვით. SDR-ს ქაღალდის ოქროსაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური ფორმა არ გააჩნიათ ისინი გადაეცემათ წევრ ქვეყნებს, როგორც მათი ქვოტის პროცენტი. ასე მაგალითად, IMF-მა თავისი საქმიანობის მანძილზე განათავსა 21,4 მილიარდი SDR-ს წევრ ქვეყნებში.

თანამშრომლობაIMF-ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ SDR ერთმანეთს შორის და სსფ-სთან ურთიერთობისას. SDR წარმოადგენს ისევე როგორც IMF-ს ასევე მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საზომ ერთეულს. SDR-ის ფასი დგინდება ყოველდღიურად ძირითადი ვალუტების კალათის გამოყენებით: ევრო, აშშ დოლარი, გირვანქა-სტერლინგი და იაპონური იენი. 2017 წლის 27 ივლისისათვის SDR უდრიდა 1,40 აშშ დოლარს. კალათის შემადგენლობა გადაიხდება ყოველ 5 წელში ერთხელ, რათა დარწმუნდნენ, რომ ვალუტების წარმომადგენლობა კალათაში შეესაბამება ამ ვალუტათა მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ფინანსურ სისტემებში.

IMF თავის წევრ ქვეყნებს ეხმარება შემდეგი მეთოდებით:

  • ნაციონალური და გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური განვითარების გადახედვა, მონიტორინგი და წევრებისათვის რჩევის მიცემა ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე;
  • ასესხებს მათ მყარ ვალუტას რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკის დარეგულირებასა და რეფორმას, რათა გამოასწოროს საგადამხდელო ბალანსი და დაეხმაროს ეკონომიკური ზრდის მიღწევაში;
  • სთავაზობს ტექნიკური დახმარების ფართო სპექტრს, როგორიცაა მაგალითად მთავრობისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებისთვის ტრეინინგების ჩატარება მათი კომპეტენციის სფეროში;

IMF და საქართველოს თანამშრომლობა

განვითარებადი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სავალუტო ფონდი მნიშვნელოვანი პარტნიორო ორგანიზაციაა. საქართველოსთვის, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში სავალუტო ფონდის რეკომენდაციებმა, მიუხედავად შემდგომ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა, მნიშნელოვანი როლი შეასრულეს.

რეკომენდაციები და შეფასებები, რომელსაც IMF საქართველოს მთავრობებს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სთავაზობს, ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ასევე ზოგადი მაკროეკონომიკური სურათის გასაუმჯობესებლად, პოზიტიური გავლენის მომხდენია.

ამას ემატება ფინანსური ტრანსფერები საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის გასაუმჯობესებლად. მაგალითად ბოლო პროგრამის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“.

პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ აგრეთვე მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს.

შოთა გულბანი

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაციის პრეზიდენტი