გრანტის მიღებას ავტონომიური რესპუბლიკებიც შეძლებენ

თბილისი (BPI) – ამიერიდან გრანტის მიღებას ავტონომიური რესპუბლიკებიც შეძლებენ. შესაბამისი ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია.

როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია გრანტის მიმღებთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც გრანტის მიმღებ სუბიექტებად გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები დარჩენილი არიან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა.

კანონპროექტის მიღების შემდეგ კი ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ გრანტების პირდაპირი მიღების უფლებამოსილების შემთხვევაში მიეცემათ შესაძლებლობა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, სოციალური პროექტების, აგრეთვე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის ოპერატიულად მიიღონ მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რაც აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკების სახელისუფლებო ორგანოების როლსა და მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების – სამინისტროების გრანტის გამცემ სუბიექტთა ჩამონათვალში დამატების კუთხით საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია და განხილვის პროცესშია კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე (№072/482, 05.05.2016. ინიციატორი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო), რომლის შესაბამისადაც, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო შეიძლება იყოს გრანტის გამცემი. პარლამენტში 2016 წელს ინიცირებული და ამჟამად წარდგენილი კანონპროექტები ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში საკანონმდებლო დონეზე ერთიანობაში მოაწესრიგებს გრანტების გაცემისა და მიღების საკითხებს. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ გრანტების სახით მოიზიდოს დამატებითი შემოსავლები. „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია და ვახტანგ წულაძე.