გოცირიძეს აინტერესებს რატომ იღებს მთავრობა ბანკებისგან ვალს

თბილისი (BPI) – „ბანკები იძულებული იქნებოდნენ ვალის დასაბრუნებლად ვალუტა გაეყიდათ და ლარი გამყარდებოდა“, – რომან გოცირიძე ნოსტროანგარიშებზე ბანკების დიდძალ ფულზე საუბრობს, რომელიც არ გამოაქვთ, რადგან მთავრობა ნასესხების უკან დაბრუნებას არ სთხოვს და ახალი ვადით იძლევა.

სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ივლისში ამოქმედებული 3-თვიანი სადეპოზიტო ინსტრუმენტის ახალი ვადით მოქმედების მავნებლობაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სახელისუფლებო გუნდს გიორგი ქადაგიძის მმართველობის სებ-ის კრიტიკა გაახსენა და ბოლოდროუნდელ ქმედებაზე პასუხი მოითხოვა, რატომ იღებს მთავრობა შიდა ვალს ₾400 მლნ-ს, როცა ბანკებს მისი 500 მლნ მართებთ და რატომ აძლევს ვალუტის გადახურდავების საშუალებას, რომ ლარზე წნეხი მოიხსნას.

მისი ინფორმაციით, სებ-ს და მთავრობას ბანკებისთვის უკვე ₾2.3 მლრდ აქვს მიცემული, რაც სექტორის მთლიანი რესურსის 10%-ია.

საპარლამენტო უმცირესობის ფინანსისტს მიაჩნია, რომ მთავრობას ხაზინის ფულის „აღებ-მიცემობის“ უფლება არ აქვს. ლიკვიდობის მართვის და სხვა დანიშნულების ინსტრუმენტების გამოყენება მხოლოდ სებ-ის პრეროგატივაა.