GMP-ი წარმოებული მედიკამენტებისთვის საექსპორტო გეოგრაფიას აფართოებს

თბილისი (BPI) – “PSP ჯგუფში” შემავალი ფარმაცევტული კომპანია GMP-ი საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს.

როგორც “PSP ჯგუფის” გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი BPI-თან აცხადებს, ახალი მედიკამენტების დარეგისტრირებისა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. ამბობს, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული პროცედურებია.

ამ დროისთვის GMP-ში წარმოებული ქართული მედიკამენტები 11 ქვეყნის ბაზარზე პოზიციონირებს, რეგისტრირებულია 70-80 დასახელების მედიკამენტი. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს მედიკამენტების გატანასთან დაკავშირებით ყაზახეთთან და უკრაინასთან. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რამდენიმე მედიკამენტის რეგისტრაციის პროცესი დაწყებული იყო, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესი გაიწელა.

ექსპორტზე წლიური ზრდა 10-15%-ს აღწევს. დაახლოებით ანალოგიურდ არის გაზრდილი ადგილობრივ ბაზარზე GMP-ში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაც.

ქვეყანაში GMP-ის პორტფოლიოში 170-მდე მედიკამენტია.

“PSP ჯგუფმა” ფონიჭალაში არსებული ფარმაცევტული საწარმოს რეკონსტრუქცია შარშან დაიწყო და წელს თებერვალში დაასრულა. GMP-ის განახლებამ მენჯემენტს წარმოების გაფართოების შესაძლებლობა მისცა. საწარმო აღჭურვილია უახლესი  გერმანული და იტალიური მანქანა-დანადგარებით.

PSP ჯგუფი რამდენიმე მიმართულებას სააფთიაქო, საწარმოო, დაზღვევა და კლინიკების ქსელს აერთიანებს. ჯგუფში ამ დროისთვის 6000 ადამიანია დასაქმებული.