“ღვარძელაშვილის მარნის” ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – კომპანია “ღვარძელაშვილის მარანი” გაფართოებას და წარმოების ზრდას გეგმავს. გადაწყვეტილებისკენ მენეჯმენტს მათ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ უბიძგა.

როგორც “ღვარძელაშვილის მარანის” დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი აცხადებს, ქართული ღვინო საკმაოდ მოთხოვნადია – საუბარია, ბუნებრივ, ნატურალურ ღვინოზე. „უცხოეთიდან ბევრი დამკვეთი მყავს, რომელსაც ჩემი ღვინის ექსპორტზე გატანა სურს. მე  ღვინის მცირე წარმოება მაქვს და ხარისხზე ვარ ორიენტირებული. ამერიკიდან, ევროპიდან და ავსტრალიოიდან იყვნენ იმპორტიორები, უნდოდათ წელიწადში 6 000 ბოთლი, მე კი წლიურად მხოლოდ 3 000 ბოთლს ვაწარმოებ. უცხოელებს დიდი პარტია სჭირდებათ, – ეს პრობლემაა,“ – აცხადებს ღვარძელაშვილი.

„ღვარძელაშვილის მარანი” 2 წლის წინ დაფუძნდა და ქვევრის ღვინოს აწარმოებს. კომპანიის წარმოებულმა ღვინომ უკვე მეორედ აიღო ჯილდო. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017-ზე.

ღვარძელაშვილი ამჟამად ქვევრის ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მცირე პარტიები ექსპორტზეც გადის. მათ შორის, შვედეთში, გერმანიასა და რუსეთში.

„ღვარძელაშვილის მარანი“  ნატურალურ წითელ და თეთრ გაუფილტრავ ქვევრის ღვინოებს აწარმოებს, რომელიც წინანდლის მიკროზონაში, კერძოდ სოფელ „კონდოლში“  მოყვანილი ყურძნის ჯიშისგან მზადდება.

„ღვარძელაშილის მარანის“ ღვინოები სხვადასხვა ხილის საუკეთესო არომატით გამოირჩევა და ლიმიტირებულად მცირე რაოდენობით იწარმოება, რადგან მათი მიზანია არა რაოდენობაა, არამედ ჯანმრთელი, ხარისხიანი ღვინის წარმოება.