განათლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება

თბილისი (BPI) – განათლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება, – ამას ითვალისწინებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონპროექტი განსაზღვრავს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე.

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის:

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 598.9 მლნ ლარი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 11.9 მლნ ლარამდე;
  • უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 12.8 მლნ ლარზე მეტი;
  • მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 23.0 მლნ ლარამდე;
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 22.1 მლნ ლარი

ბიუჯეტის პროექტში პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 38.0 მლნ ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად – 135.1 მლნ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 62.6 მლნ ლარი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის – 97.2 მლნ ლარზე მეტი; დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიიმართება (მათ შორის ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს – გრანტი) 116.8 მლნ ლარამდე;

ბიუჯეტის პროექტში კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 116.5 მლნ ლარი, მათ შორის, ფრანქფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენის ღონისძიების დასაფინანსებლად – 16.5 მლნ ლარამდეა განსაზღვრული.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილია 165.7 მლნ ლარამდე. სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლებისთვის გათვალისწინებულია 26.5 მლნ ლარი, მათ შორის, ქ. თბილისში ჭიდაობის სახლის მშენებლობა. 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად 25 მლნ ლარია განსაზღვრული.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაიზარდოს დაფინანსება როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ პირველად ჩნდება თანადაფინანსების შესაძლებლობა კერძო კოლეჯებში ვაუჩერული დაფინანსების მისაღებად. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას საჯარო და კერძო კოლეჯებს შორის, ბუნებრივია, ხარისხის გარანტიებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, 2018 წელს დაიწყება შინაარსობრივად განსხვავებული, ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის და 2018 წლის სექტემბრისთვის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი სახელმძღვანელოებით ისწავლიან ბავშვები.