ფოტოებით შექმნილი ისტორიები – “საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტების გამოფენა „კონტეინერში“

თბილისი (BPI) – 12 წლის ლუკა, 29 წლის ვანო, 35 წლის შორენა, 42 წლის ხათუნა, ამ ადამიანების ცხოვრების შესახებ მომზადებული ფოტორეპორტაჟების გამოფენა გალერეა „კონტეინერში“ გაიმართა. „საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებული ფოტონამუშევრები „პროფესია ფოტოჟურნალისტის“ ქვეშ გაერთიანდა და დამთვალიერებელს არაერთი ისტორიის შესახებ უამბო.

ლუკა აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭუნაა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, ისწავლოს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ითამაშოს ფეხბურთი, სატელევიზიო შოუებში მონაწილეობა მიიღოს და გამოვიდეს მოდის ჩვენებაზე.

ფოტორეპორტაჟის ავტორი მარიამ ნიშნიანიძე ამბობს, რომ მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, – შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ამ რეპორტაჟით მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენს გვერდით უამრავი გამორჩეული  და განსხვავებული ადამიანია, რომლებიც საზოგადოების  ისეთივე  სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც ჩვენ. თუ არ იცით, რომ ლუკა აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭია, სურათების შემხედვარე ვერც კი მიხვდებით. ისიც ჩვეულებრივი მოზარდია, უბრალოდ ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება.“

ვანო წიკლაური წარმოშობით ყაზბეგის რაიონის სოფელ ხურთისიდანაა. სოფლის დღეობაზე მეგობრებთან ერთად ქეიფის შემდეგ, სალოცავიდან ადრე წამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ ცუდი ხილვადობის გამო 20 მეტრი სიმაღლის კლდიდან დაგორდა. თბილისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ იყო 3 წლიანი დეპრესია, სახლში ჩაკეტვა, მარტოობა… ერთ დღესაც გააცნობიერა,  რომ ცხოვრება გრძელდება და აქტიურად დაიწყო საზოგადოებაში დაბრუნება. დაკავდა სპორტით და დღეს იგი წარმატებული მშვილდოსანი და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო  კონკურსის გამარჯვებულია. ანი წიკლაური ამბობს, რომ ვანოს ცხოვრების ასახვით საზოგადოებას უთხრა, რომ შეუძლებელი არაფერია და მთავარია მონდომება და სურვილი.

ვალერი მეზურნიშვილის გმირის ისტორია შედარებით განსხვავებულია. ავტორი ფოტოებით გვიყვება 42 წლის ხათუნა ჯავახიშვილის ფორმალური და არაფორმალური ცხოვრების შესახებ. პროფესიით ისტორიკოსი და თბილისის 212-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, ხათუნა, სოფელ შინდისში ცხოვრობს. ორი შვილიშვილის ბებია სახლში და რამდენიმე ასეული მოსწავლის მეგობარი სამსახურში, არაჩვეულებრივად ანაწილებს დროს და სოფლის მეურნეობასაც მიჰყოფს ხელს.

„ამ ქალის ისტორიით, აქ მოსული სტუმრებისთვის მინდოდა მეთქვა, რომ არც ერთი სახის მუშაობა არ  არის სირცხვილი. შეიძლება წარმატებული იყო, მაგრამ სოფელში ცხოვრობდე და სოფლის მეურნეობის საქმეებსაც უძღვებოდე, ამის შესანიშნავი მაგალითია ჩემი გმირი – ხათუნა ჯავახიშვილი“.

„შემოვალ ეტლით“ ასე დაარქვა ლიკა კვაშილავამ შორენა ხოხუას შესახებ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს. შორენა 2009 წელს ავტოავარიაში მოყვა, რის გამოც რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია, შემდეგ კი ეტლის გამოყენება გახდა საჭირო.

სათაურიდან გამომდინარე, გარშემო ყველა ეტლიან გოგოს ვეძებდით, თუმცა არა  – შორენა რამდენიმე წლიანი მკურნალობის შემდეგ ფეხზე დადგა და საჭესთან მჯდომი ხვეულთმიანი გოგონა მანქანიდან საკუთარი ფეხითა და  წიგნით ხელში გადმოვიდა.

მან თავის ტრაგედიაზე წიგნი დაწერა და საზოგადოებას მოუყვა როგორია ცხოვრება ეტლიდან.

– 2009 წელს ავტოავარიაში მოვყევი. დამჭირდა რამდენიმე მძიმე ოპერაციიის გაკეთება და ეტლის გამოყენება. თუმცა, რამდენიმე წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ დღეს აქ ჩემი ფეხით მოვედი.

– ცხოვრება ეტლით….

– ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ცხოვრება დავინახე ქვემოდან ზემოთ, როგორ დაგცქერის ვეებერთელა სამყარო და ვერც კი ხვდები, შენს ადგილს თუ სად არის ის.

– თქვენ დაწერეთ წიგნი „შემოვალ ეტლით“, რომელიც წლის ბესტსელერი გახდა.

– დიახ, დავწერე წიგნი „შემოვალ ეტლით“, რომელიც გახდა წლის ბესტსელერი. თავიდან მკითხველები ამბობდნენ, რომ ეგონათ ეს იქნებოდა მძიმე, სევდიანი ისტორია, თუმცა რეალურად  წიგნი არის ლაღი, ძლიერი, ვნებებით სავსე თავისი რომანტიკითა და ეროტიკით.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არ არსებოს სიძნელე, რომელიც დაუძლეველია. მთავარია, იყო ძლიერი. ერთი კარი როცა იხრება, იღება სხვა. შეიძლება მარგალიტივით იყო და ქვებს შორის ეგდო, მაგრამ თუ მოინდომე შეგიძლია გასცდე ქვებს, ტალღებს და ამოხვიდე მაღლა.

ამ ისტორიებზე შექმნილი ფოტონამუშევრების გარდა, დამთვალიერებელს ასევე შეეძლო ენახა თბილისობის სხვა მხარე. ზაალ ჩიხლაძის მიერ მომზადებული სატირული ფოტორეპორტაჟი ერთდროულად მოგგვრიდათ ღიმილს და ბევრ რამეზე დაგაფიქრებდათ.

Image may contain: 2 people, people standing and shoes„კონტეინერის“ დამთვალიერებლებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები გურამ წიბახაშვილი და მაიკო დეისაძე.

გურამ წიბახაშვილის თქმით, ის ყოველთვის დაინტერსებულია სტუდენტური ფოტონამუშევრებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ქმნიან.

ყოველთვის დაინტერესებული ვარ ასეთი ნამუშევრებით. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოჟურნალისტიკა არ არის  ფართოდ გავრცელებული და კარგად აპრობირებული ამბის მოყოლის ხერხი საქართველოში, რამდენიმე ქართული ჟურნალი მაინც ცდილობს გამოიყენოს ეს ხერხი. კარგი ფოტო ჟურნალისტი ნიშნავს კარგ ჟურნალისტს, რომელმაც იცის, თუ როგორ მოყვეს ამბავი სწორად – თავისი ემოციითა და ინფორმაციით. კარგი ის არის, რომ ბოლო პერიოდში ქართულ ფოტოგრაფიაზე უცხოეთში მოთხოვნაა და ახალგაზრდებს აქვთ შანსი, დასავლეთში ბეჭდონ მათი ნამუშევრები.

ფოტოგრაფი და მეჩითოვ-დეისაძის ფოტოსახელოსნოს დირექტორი, მაიკო დეისაძე, მოხარულია, რომ მსგავსი პრეცენდენტი შეიქმნა სტუდენტებისთვის და მათ შეძლეს სწავლის პერიოდში შექმნილი საკუთარი ნამუშევრების გამოფენა გაეკეთებინათ.

„მიხარია, რომ სტუდენტებს აქვთ საშუალება, მათი სასწავლო ნამუშევრები გამოფინონ. მნიშვნელოვან თემებზეა მომზადებული რეპორტაჟები და თანაც ძალიან საინტერესოდ. თემები არის სწორად შერჩეული.

მომეწონა თბილისობის თემატიკა, ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ეს ღონისძიება, იუმორისტულ სტილში.ზოგადად, კი ფოტორეპორტაჟი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ამბის მოყოლის ხერხი და გამიხარდება თუ ეს ხერხი იქნება ხშირად გამოყენებული მედიაში“.

დამთვალიერებლებსა და მოწვეულ სტუმრებს, „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და ნამუშევრების ავტორების გარდა მასპინძლობას ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი უწევდა. რეჟისორი და „საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორი ამ ღონისძიების ხელმძღვანელია. ის თავის სტუდენტებთან ერთად შეეცადა,  საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა აქტუალური თემები.

„საქართველოს უნივერსიტეტმა“ წარმოადგინა 5 სტუდენტის ყველაზე საინტერესო ნამუშევარი. შევეცადეთ, სხვადასხვა თემა ყოფილიყო წარმოდგენილი – სოციალური, იუმორისტული… ფოტორეპორტაჟის გაკეთება არ არის მარტივი და შეიძლება რამდენიმე კვირა, თვე აქვს დახარჯული სტუდენტს მისი მომზადებისთვის. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძება და ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი გამოფენების მოწყობას ჩვენს სტუდეტნებთან ერთად. რაც შეეხება, ზოგადად, ქართულ ფოტოჟურნალისტიკას, ქართული ფოტოჟურნალისტიკა კარგად ვითარდება, რასაც საზღვრების გახსნამ შეუწყო ხელი.

გამოფენას ესწრებოდა „საქართველოს უნიევერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და გამოფენის მოწყობის ინიციატორი ნათია კალაძე. მისი თქმით, ეს არის პირველი, ასეთი ღონისძიება, მაგრამ არა ბოლო. ნათია კალაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნოიერებათა სკოლა მუდმივად ცდილობს სტუდენტებს შეუწყოს ხელი, რომ მათი შემოქმედება გაცდეს უნივერსიტეტის ფარგლებს.

Image may contain: 9 people, people standing

Image may contain: 3 people, people standing

ლევან ქუტაშვილი

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში