ფონდი „ქართუ“ ბათუმის სარაგბო ბაზას ქალაქის მერიას გადასცემს

თბილისი (BPI) –  ბათუმში, ლეონიძის ქუჩზე მდებარე სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ქალაქის მერიას საზეიმოდ 8 მარტს, 13:30 საათზე, გადასცემს.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი.

სარაგბო კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო.  სარაგბო ბაზის მშენებლობის ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 მილიონ 596 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ” უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრეძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა  თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.

ღონისძიებას დაესწრებიან: ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა.რგანათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.