ფინანსური პირამიდების საფრთხე – დაზარალებულია 4000 ადამიანი, ზარალი 100 მლნ ლარი

თბილისი (BPI) – ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია, დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი, – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ფინანსური პირამიდების შესახებ კვლევის შედეგი.

როგორც ორგანიზაცია წერს, კომპანია „საქართველომ“ დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი – დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით, საქართველოში სხვადასხვა პირამიდული სქემები არსებობს. ერთ-ერთი ქსელურ მარკეტინგზეა დაფუძნებული. კომპანიასთან ურთიერთობა, შეძენილი ნივთით იწყება და მომხმარებლის აგენტად ფორმირებით სრულდება. ახალი მომხმარებლების მოზიდვით აგენტი პროდუქციის აქტიურ გაყიდვას და ქსელის გაშლას იწყებს. ერთი შეხედვით გამდიდრების საშუალება, მოსალოდნელია წარუმატებლად დასრულდეს.

ფინანსურად დაზარალდება ყველა ის მომხმარებელი, ვინც ქსელში შედარებით გვიან გაწევრიანდა. მათ დარჩებათ ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულება გადახდილზე გაცილებით ნაკლებია. აქვე აღსანიშნავია რომ, ზარალის შემთხვევაში, ამ ტიპის კომპანიებთან სამართლებრივი დავა შეუძლებელია, რადგან ნივთი საკუთარი ნებითაა შეძენილი და ხელშეკრულებით დამოწმებული.

„ფინანსური სექტორის განვითარების მაღალი დონე უბიძგებს თაღლითურ კომპანიებს თავიანთი საქმიანობა საფინანსო სექტორის საქმიანობად გაასაღონ. ერთ-ერთი გავრცელებული სქემით ცდილობენ ბიზნესმოდელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გააიგივონ. ეს მათთვის საშუალებაა მოიზიდონ დანაზოგები და გასცენ „უიმედო“ სესხები, რომლებიც არასდროს დაბრუნდება და ვერ შეძლებს მომხმარებელთა დანაზოგების გასტუმრებას. აღნიშნული ბიზნესის სტრუქტურა ყოველ მომდევნო შენატანზეა დაფუძნებული. არსებული მომხმარებლების გასტუმრება არა გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავლის, არამედ ახალი მომხმარებლების განთავსებული ფინანსური რესურსებით ხორციელდება. მომხმარებელი დანაზოგის განთავსებისას წინასწარ ირჩევს ხელშეკრულების ხანგრძლივობას და ვადის გასვლამდე თანხის დაბრუნება შეუძლებელია. ეს პუნქტი არის ე.წ.„პირამიდული სქემის“ მთავარი მამოძრავებელი. როგორც კი, რომელიმე მსგავსი კომპანია ვერ შეძლებს ახალი მომხმარებლის მოზიდვას წარმოიქმნება თანხის დაბრუნების მასშტაბური პრობლემა. კომპანიის სიცოცხლის ხანგრძლივობა რისკებს არ ამცირებს, დროთა განმავლობაში იზრდება დაზარალებულთა რაოდენობა.

როგორც წესი თაღლითური სქემების შემქმნელები თავს აიგივებენ ეკონომიკის სექტორის წარმატებულ სეგმენტთან და შეიძლება თავი წარმოგვიდგინონ: მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად; სავალუტო თრეიდერებად; უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებად: საქონლით მოვაჭრეებად (ძირითადად ქსელური მარკეტინგის კომპანიები); კრიპტოვალუტების „მაინინგში“ ჩართულ კომპანიებად ვინაიდან არ არსებობს სრული ინფორმაცია ფინანსური პირამიდებისგან დაზარალებულების შესახებ, საკმაოდ რთულია შევაფასოთ ეკონომიკური ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო დაზარალებული ფიზიკური პირების რაოდენობა 4000-ს აღწევს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებიც ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის და რომელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართლებრივი დავა: საფინანსო კომპანია საქართველო – 2343 მოქალაქეს 81 მლნ ლარამდე (12 688 965 ლარი, 1 837 761 ევრო და 23 761 849 აშშ დოლარი) მატერიალური ზიანი მიადგა. (წყარო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) ; MFX Broker Georgia – მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, დაუზუსტებული მონაცემებით მითვისებულია 4.2 მლნ. ლარამდე (1,645 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) და დაზარალებულად ცნობილია 111 მოქალაქე. ევროკრედიტი – მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მლნ. ლარს აჭარბებს. დაზარალდა 300-ზე მეტი ადამიანი სია არ არის სრული და არსებობს საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში გაიზარდოს როგორც გაკოტრებულად ცნობილი კომპანიების რიცხვი, ასევე დაზარალებულ მომხმარებელთა რაოდენობა.

ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. იმისათვის რომ მომხმარებელმა გაარჩიოს ფინანსური პირამიდა ჩვეულებრივი ბიზნესსაქმიანობისგან, აუცილებელია იცოდეს ის საეჭვო ნიშნები, რაც აერთიანებს ყველა თაღლითურ ბიზნესს:

I. შეთავაზებული სარგებელი გაცილებით აღემატება ბაზარზე არსებულ საშუალო სარგებლიანობის მაჩვენებლებს – ფინანსური პირამიდის სქემა პირველ რიგში მიზნად ისახავს მოიზიდოს მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ფინანსური განათლების მაღალი დონე.

შესაძლო გამოსავალი:

• გავაანალიზოთ სექტორში არსებული საშუალო შემოსავლიანობა

• კომპანიის აქტივები არ უნდა გამოირჩეოდეს მაღალი მერყეობით და უნდა აღემატებოდეს ვალდებულებებს, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს გადახდისუნარიანობა II. „რთული ბიზნესმოდელი“ – მომხმარებლისთვის დაფარული ან გაუგებარი ბიზნეს სქემა ზრდის რისკებს და არის ფინანსური პირამიდის არსებობის ნიშანი.

შესაძლო გამოსავალი:

• შევადაროთ ბიზნესმოდელის მახასიათებლები ანალოგიურ სფეროში მოქმედი კომპანიების ბიზნესმოდელს.

III. ზრდის შენელება – პირამიდულ სისტემაზე აწყობილი ბიზნესის სწრაფი განვითარება და აგრესიული მარკეტინგი ხშირ შემთხვევაში იმის მაჩვენებელია, რომ კომპანია გაკოტრების პირასაა

IV. პრობლემების წარმოქმნა და მიმდინარე ვალდებულებების გადავადება – კომპანიას უჭირს ახალი მომხმარებლების მოზიდვა და მათ ხარჯზე ვალდებულებების გასტუმრება”, – აღნიშნულია კვლევაში.