ფინანსთა მინისტრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომას დაესწრო

თბილისი (BPI) – საქართველოს ფინანსთა მინისტრი მოადგილეებთან ერთად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელშიც ამ ეტაპზე ქვეყნის 36 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული. შეხვედრაზე ბიზნეს-გაერთიანებების ხელმძღვანელებს საშუალება ჰქონდათ მამუკა ბახტაძისა და მისი მოადგილეებისთვის შეკითხვები  დაესვათ და მათგან პასუხები ადგილზე მიეღოთ.

ღონისძიების მონაწილეებმა 2017-2021 წლების ფისკალურ პოლიტიკაზე იმსჯელეს. დისკუსიის რეჟიმში ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტულ სფეროებში არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნეს.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირ დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი საქმიანობის სტიმულირებისთვის, რადგან ბიზნესს ექნება დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები და შევთანხმდით, რომ ურთიერთობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომაზე ასევე შედგა განბაჟების დროებითი სისტემის, „ATA წიგნაკის“ პრეზენტაციაც, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი სერვისი იქნება. “ATA წიგნაკი“ საქართველოდან გარკვეული სპეციფიკაციის საქონლის დროებითი გატანის შემთხვევაში მათ საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლებს.  საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სერვისი ძირითადად საექსპოზიციო საქონლის მიმართულებით მუშაობს.

ასევე, პალატის საბჭოს წევრები რიგით მე-4 სხდომის ფარგლებში გაეცნენ  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას.

“ეს არის საჯარო-კერძო დიალოგის ძალიან კარგი მაგალითი. შეხვედრაზე განხილული იყო ის საკითხები, რომლებიც კერძო სექტორისთვის აქტუალურია. ასევე მოხდა ორი პროექტის პრეზენტაცია, რომლებსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ფინანსთა სამინისტრო ერთბლივად ახორციელებენ“ – განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

საბჭო, რომელშიც მსხვილი ბიზნეს-ასოციაციები ერთიანდებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის ერთ-ერთი ორგანოა.