ეკონომიკა I კვარტალში 5,1%-ით გაიზარდა – მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორები ლიდერობს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკა 2017 წლის I კვარტალში 5,1%-ით გაიზარდა. “საქსტატის” მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8,318 მლრდ ლარი შეადგინა, 2016 წლის I კვარტალში ეს მაჩვენებელი 7,5 მლრდ-ით განისაზღვრა.

ერთ სულ მოსახლეზე 2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 859,5 დოლარი (2 237 ლარი) იყო, 2016 წლის I კვარტალში – 826,9 დოლარი (2 013 ლარი). დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 5,6%-ით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6%) და ვაჭრობა (15,3%). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 %), მშენებლობა (9,6 %), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9%), სახელმწიფო მმართველობა (7,8 %), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,7%).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21,6%), კავშირგაბმულობა (11,5%), სასტუმროები და რესტორნები (8,7%), დამამუშავებელი მრეწველობა (8%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,9%), საფინანსო საქმიანობა (6,8%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3% ), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6%), ტრანსპორტი (5,2%).

კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-1.5%) და სახელმწიფო მმართველობაში (-1,3%).