დანელია: 1 მოსახლეზე 0,24 ჰა მიწა მოდის და მას განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი უნდა მიენიჭოს

თბილისი (BPI) – მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში ვნებათაღელვას მოჰყვა და საქართველოსთვის მიწის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებებათა კანონპროექტის მიზანია  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ძალაში შესვლამდე, მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს ითვალისწინებს.

„სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს დიდი მნიშვნელობა აქვს მცირემიწიანი ქვეყნებისათვის, როგორიც არის საქართველო. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სახელმწიფოს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 0.24 ჰა მიწის ფართობი მოდის, ჩვენ ვართ ძალიან მცირემიწიანი, ამიტომ ინიცირებულია კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 21-ე მუხლის, რომელიც ეხება საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას, ცვლილებას და მისი ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, კონსტიტუციას დაემატება ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ოთარ დანელია განცხადებით, გათვალისწინებულია გარემოება, რომ აღნიშნული ნორმის შეჩერების პარალელურად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებისას, უნარჩუნდებათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით იჯარის სახით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება. შეზღუდვები არ გავრცელდება კანონის ამოქმედებამდე შეძენილ მიწებზე.

შეგახსნებთ, რომ კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტი გუშინ პირველი მოსმენით განიხილა და კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარიც დაუჭირეს.