BP – წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორია

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი გაიმართა. პროექტის ფარგლებში რვა გამარჯვებული გამოვლინდა. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017”-ის ნომინაციაში წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი გამარჯვებული BP საქართველოა – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის.

BP საქართველომ 2015 წელს დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (სტუ-სთან) და 2016 წლის იანვარში გაფორმდა შეთანხმება ურთიერთანამშრომლობის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში მომზადდა სტუ-ს და BP საქართველოს ერთობლივი პროექტი „საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი“, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“  ფარგლებში დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სადაც 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყება პროფესიული სწავლება ოთხი ტექნიკურ სპეციალობაზე: მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (V საფეხური), მექატრონიკის ტექნიკოსი (V საფეხური), სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი (V საფეხური), მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (IV საფეხური).

BP საქართველოს თანადაფინანსების ფარგლებში გერმანული კომპანია „ფესტოსგან“ შეძენილ იქნა თანამედროვე აღჭურვილობა და შესაბამისი ლაბორატორია მოეწყო სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში. სტუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თანადაფინანსების საერთო მოცულობა 600 000 აშშ დოლარს,  შეძენილი აღჭურვილობის ღირებულება კი 578,991 აშშ დოლარს შეადგენს.

ზემოაღნიშნული თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით, გამოცდილმა უცხოელმა ტრენერებმა უკვე ჩაუტარეს ტრენინგების სერია საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მასწავლებლებს (ტრენინგები კიდევ გრძელდება). ე.წ. ტრენერთა ტრენინგი გულისხმობს როგორც შესაბამის თეორიულ კურსებს და ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების სწავლებას, ისე ზოგადად პროფესიული სწავლების მეთოდოლოგიის და თანამედროვე მიდგომების, კერძოდ გერმანული მოდელის გაზიარებას ქართველი მასწავლებლებისათვის.

გამარჯვებული კომპანია განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს და ეხმარება დასაქმებულებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. კერძოდ, კომპანიაში შემუშავებულია სავალდებულო და რეკომენდირებული კურსებისა და ტრენინგ პროგრამების გეგმა, რომელსაც კომპანია შიდა რესურსებითა და კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს.  ასევე, კომპანიაში ფუნქციონირებს სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აყვანილი სტუდენტების როგორც პრაქტიკულ,  ასევე თეორიულ სწავლებას შესაბამისი მიმართულებებით.

პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება.

დაჯილდოების გენერალური სპონსორია ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი.
წლევანდელი კონკურსი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა. იგი წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.