ბიზნესმენ-პოლიტიკოსები ლარის კურსის პერსპექტივებზე

თბილისი (BPI) –  “ლარი თავის ადგილზე ბრუნდება და ვინმეს მიერ საპროგნოზო ციფრის თქმა ძალიან უპასუხისმგებლო იქნება“, –  თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე  გიორგი შაგიძე წონასწორობის წერტილში ლარის ბუნებრივ დაბრუნებაზე აცხადებს. ბანკირის შეფასებით, ლარი ემოციური ფაქტორით ზედმეტად გაუფასურებულია.

ბიზნესასოციაციაში საპენსიო რეფორმის განსახილველად შეკრებილებს შორის არასაბანკო ბიზნესის წარმომადგენლებიდან სოსო ფხაკაძე იყო გამორჩეული, ვინც კურსზე კომენტარი გააკეთა, ისიც მხოლოდ ლარის კეთილისმსურველის სტატუსით. თქვა, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ყველა ჩვენგანის სურვილია -„ყველას გვინდა გამყარების მიმართულებით განაგრძოს ლარმა სვლა”.

7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი / დოლართან  1 თეთრით გამყარებულია, ₾1/$2.6008 -მდე.

თავისი ახსნა აქვს საბანკო ზედამხედველობაში გამოცდილ სებ-ის ექსპრეზიდენტს. რომან გოცირიძე ლარის მოძრაობას ფინანსთა სამინისტროს ახალი ინსტრუმენტით ხსნის, სადეპოზიტო  მექანიზმით, რომელიც ასევეა ეროვნული ვალუტის მთავარი გამაუფასურებელი.

„ორი დღეა ლარი მცირედით მყარდება. გუშინ ბანკების აქტიურობა სავალუტო ბირჟაზე მინიმალური იყო. ჩნდებოდა ეჭვი, რომ მთავრობა არ აპირებდა დღეს აუქციონის ჩატარებას და ბანკების მიერ გრაფიკით დასაბრუნებელი 50 მილიონი ლარის ავტომატურად ბანკებზე უკან ჩასესხებას, ანუ გუშინ ბანკები დღეს გასასტუმრებელ ფულს იმარაგებდნენ. ამით მთავრობის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხები 500 მილიონი ლარიდან 450 მილიონ ლარამდე შემცირდებოდა. ასეც მოხდა. ეს ლარზეც აისახა.
დააბრუნონ ბანკებმა ბოლო თვეებში ხაზინიდან წაღებული ფული,ამავე რაოდენობით შეამციროს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები და ლარის წიოკობაც მორჩება.
როგორ ამტკიცებდა მთავრობა, ხაზინიდან გაცემული სესხები ლარზე არ მოქმედებსო?

აბა რა მოქმედებს, მოლოდინს გაფიცებთ?!“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.