ბათუმში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა იწყება – ტენდერი უკვე გამოცხადდა

თბილისი (BPI) – ბათუმში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა იწყება. ტენდერი მშენებლობაზე აჭარის მთავრობამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101,7 მლნ ლარია.

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ პროექტი ქალაქისთვის და არამარტო უმნიშვნელოვანესია. საფეხბურთო მატჩების გარდა, სტადიონი სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, რაც ტურისტულ ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სპორტული მოედნის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის.