„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა

 

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომელიც 8 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროექტისადმი ინტერესს და არსებულ ბენეფიციარებსაც განვითარების  მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

„პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება კრედიტისა და ლიზინგის კომპონენტის ერთდროულად სარგებლობა, რაც აქამდე არსებული რედაქციით დაშვებული არ იყო. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკიდან გაცემული სესხი  მაქსიმალურად ეფექტურად რომ მოხმარდეს პროგრამის მიზნებს, წარმოების გაზრდას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირებას, შეიზღუდება გაცემული სესხით უძრავი ქონების შეძენა, ან კომპანიების აქციების/წილების შეძენა და მართვაში აღება – სესხი მოხმარდება მხოლოდ საწარმოო ტექნოლოგიების განვითარებას და ძირითად საშუალებებში ინვესტირებას“ – განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტის რეფინანსირება შესაძლებელი იქნება იმავე უცხოურ ვალუტაში, თუ ბანკი პროგრამის ბენეფიციარს შეუმცირებს სესხის წლიურ პროცენტს, მაგრამ არ გაიზრდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მიერ პროცენტის თანადაფინანსების თანხა და თანადაფინანსების თავდაპირველი ვადა.

მარიანა მორგოშიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პროგრამის ბენეფიციარი უკვე არსებულ სესხთან ერთად აიღებს პარალელურ კრედიტს,  ამ კრედიტისთვის პროცენტის თანადაფინანსებაში და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის ვადის ათვლა დაიწყება ახლიდან და არ იქნება მიბმული პირველ სესხზე. „ამ ცვლილებით ბენეფიციარები შეძლებენ, რომ ყველა სესხზე (რომელიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 ლარს) ისარგებლონ სააგენტოს მიერ პროცენტის თანადაფინანსების ინდივიდუალური გრაფიკით, რაც კიდევ უფრო გაზრდის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით მეწარმეების დაინტერესებას და მეტ სტიმულს მისცემს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობებს“ – აღნიშნა მორგოშიამ.

„აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ფრენშაიზინგის დაფინანსების ნაწილში განხორციელებულ ცვლილებებზე. მისი განცხადებით, სასტუმროს საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისას (ფრენშაიზინგი), შესაძლებელი იქნება სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადახდილი საფასურის დაფინანსება (არაუმეტეს საქმიანობის დაწყებიდან 24 თვისა, არსებული რედაქციით ფრენშაიზინგის საფასურის დაფინანსება შესაძლებელია სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ გადახდებზეც). ამასთან, მთავრობა აღარ იქნება უფლებამოსილი, ფრენშაიზიგნისას პროგრამის ბენეფიციარზე გასცეს პროგრამით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხაზე მეტი (წელიწადში 300 000 ლარი);

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ პროექტებზე, რომლებიც საჭიროებენ მთავრობის გადაწყვეტილებას პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის გასაზრდელად (სესხი, ლიზინგი და კინოინდუსტრიის ნაწილში კვალიფიციური ხარჯი), ცვლილების შედეგად, ეკონომიკის მინისტრი დაადგენს კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება მთავრობისათვის საკითხის წარსადგენად. აქვე აღვნიშნავ, რომ პროგრამის ინდუსტრიული, სასტუმროს ინდუსტრიისა და ლიზინგის ნაწილის ბენეფიციარი ვეღარ იქნება მეწარმე, რომელმაც ერთხელ უკვე ისარგებლა პროგრამით განსაზღვრული ლიმიტით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2%-ით იზრდება პროგრამით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები სალიზინგო კომპანიებისთვის“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს მარიანა მორგოშიამ.

მისივე თქმით, პროგრამაში ცვლილება შედის კინოინდუსტრიის ნაწილშიც, კერძოდ:  აქამდე ტელე ან მინისერიალის, სარეკლამო და  მუსიკალური ვიდეორგოლის საქართველოში გადაღებით  დაინტერესებული პირი სააგენტოსგან დაფინანსებას იღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თავის პროდუქციის დისტრიბუციას განახორციელებდა საქართველოს გარდა, მინიმუმ სამ ქვეყანაში. ეს რიცხვი მცირდება და აღნიშნული ვიდეოპროდუქციის გადაღების მსურველი დაფინანსებას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პროდუქციის დისტრიბუციას მოახდენს ერთ რომელიმე სხვა ქვეყანაში.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაღალბიუჯეტიანი რეკლამების გადაღების პროცესის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოტანას და გაზრდის პროექტის მიმზიდველობას“ – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა