ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ გრანტის მიღებისთვის საკანონმდებლო ბაზა წესრიგდება

ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ გრანტის მიღების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას ისახავს მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა.

ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ. მისი განმარტებით, კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, რომლითაც გრანტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გარდა, ასევე შეიძლება იყოს ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოც. ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილება წარმოადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა გია გვაზავამ. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შესაბამისად  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიენიჭებათ გრანტის გაცემის უფლებამოსილება და უფლებამოსილების ფარგლებში მიეცემათ  ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების, სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და სოციალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს.