ავიაციის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საერთაშორისო ავიაკომპანიებში დასაქმებას შეძლებენ

თბილისი (BPI) – საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მოდულური პროგრამა ამოქმედდება.

პროგრამები ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების შესაბამისად ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შემუშავდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოებსა და საავიაციო ქარხნებში.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, თვითმფრინავებსა და ავიასიმულატორებს ახალი ტექნიკაც შეემატება, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით საავიაციო უნივერსიტეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ანგარი აქვს, სადაც განთავსდა ტექნიკური მომსახურების სასწავლო ბაზისა და პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი ბოინგ-737 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასევე უნივერსიტეტის მფლობელობაშია და არის უნიკალური შესაძლებლობა მომავალმა მფრინავებმა პრაქტიკული მეცადინეობა რამდენიმე მიმართულებით გაიარონ.