ასლი: კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა და აზრს, ვერც მუქარა შემაცვლევინებს, ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისი (BPI) – მიუხედავად იმისა, რომ  საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარეს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს სასამართლოში უჩივის, ფადი ასლი პოზიციების დათმობას არ აპირებს.

ბიზნესმენი და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებთან აღნიშნავდა, რომ  ვერაფერი შეაცვლევინებს აზრს მოსამართლე კაკაბაძესთან დაკავშირებით. როგორც ამბობს, იგივე განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, სადაც მოსამართლის, ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელის განხილვა ფადი ასლის წინააღმდეგ დაიწყო.

„სასაცილოა, რომ მოსამართლე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ზის, მიჩივის მე ამავე ინსტანციაში, მოსამართლე კი მისი მეგობარია, მაგრამ ეს საქართველოა. ვფიქრობ, კორუმპირებულია და ამაზე აზრს ვერ შემაცვლევინებს ვერცერთი ინსტანცია,“ – აცხადებს ფადი ასლი.

კაკაბაძე შელახული საქმიანი რეპუტაციისა და უსაფუძვლო ბრალდებებისთვის 20 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს. სასამართლოს სხდომაზე კაკაბაძის ინტერესებს მისი ადვოკატი კობა ბოჭორიშვილი იცავდა.

“თავის საპაექრო სიტყვაში ფადი ასლიმ დაადასტურა ყველა განცხადებაში მოცემული გარემოება. ის ამბობს პირდაპირ დადადასტურებით, რომ კაკაბაძე არის კორუმპირებული მოსამართლე და კორუფციული სამართალდარღვევის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რითაც დაშანტაჟებულ იქნა მისი პალატის წევრები. მან დღესაც დაადასტურა, რომ უკან დახევას არ აპირებს და მიაჩნია, რომ ყველა მოქმედება რაც განახორციელა იყო მიზანმიმართული”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტების უარყოფას ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებით მოსამართლე კაკაბაძე და, გარდა ამისა მორალური ზიანის ანაზღაურებას 20 000 ლარის ოდენობით.

“გავაცანი ჩემი მოსაზრება სასამართლოს. გავიმეორე, რომ ვლადიმერ კაკაბაძე არის კორუმპირებული მოსამართლე და ვერაფერი შეცვლის ჩემს ამ მოსაზრებას, ვერც მუქარა და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლე კაკაბაძემ შელახა საკუთარი და ქართული სასამართლოს რეპუტაცია კორუმპირებული გადაწყვეტილების მიღებით. სასამართლო კაკაბაძისნაირი მოსამართლეებისგან უნდა გაიწმინდოს, იმედი მაქვს ამისთვის პოლიტიკური ნება იარსებებს და საბოლოოდ საქართველოს ეყოლება ისეთი სასამართლო, სადაც ხალხი ეცდება საკუთარი უფლებები დაიცვას“- განაცხადა ფადი ასლიმ.

შეგახსნებთ, რომ ფადი ასლიმ მოსამართლე კაკაბაძეს კორუმპირებული თამბაქოს საერთაშორისო კომპანიებთან British American Tobacco-სა და Phillip Morris-ის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით უწოდა. როგორც ცნობილია, ამ საქმეებთან დაკავშირებით მოსამართლე კაკაბაძემ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება გამოიტანა და კომპანიებს მილიონობით ლარის ჯარიმა დაეკისრა.