აშშ-ის $140 მლნ-ის ინვესტიცია განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – როგო შეიძლება სიღარიბის დაძლევა განათლების სისტემის გაუმჯობესებით? რას ხმარდება 140 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განათლების სფეროში? როდის მივიღებთ უმსხვილესი ინვესტიციის კონკრეტულ შედეგებს ?

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში, კონკრეტული მისიით შეიქმნა: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის (გრანტის) მეშვეობით, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას. ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისთვის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ტექნიკურ დისციპლინებში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის მესამე წელს მნიშვნელოვანი მიღწევებით განაგრძობს საქმიანობას.

რამდენად წარმატებით იხარჯება განათლებაში უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტიცია, როგორია ფონდის საქმიანობის ამჟამინდელი შედეგები და მიღწევები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე გვესაუბრა:

– საქართველოს განთლების სისტემაში რეფორმების რამდენიმე ეტაპი გამოვიარეთ. ეს მუდმივი პროცესია და პარალელურად იხვეწება სისტემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელის ერთ-ერთი პუნქტიც განათლების სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას ეთმობა. განათლების სფეროს ექსპერტებისგან, მშობლებისგან, სტუდენტებისგან კვლავ გვესმის, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა, რათა მოხდეს სისტემის უფრო დახვეწა და გაძლიერება, რაც ასევე ბუნებრივი და ლეგიტიმური რეკომენდაციაა საზოგადოების მხრიდან.

განათლება არის უმუშევრობის დაძლევისა და ქვეყნის განვითარების საწინდარი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების ყველა წევრმა გაითავისოს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია განათლება და რეფორმებს შეხვდნენ, როგორც განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელ ცვლილებებს.

დღეს საქართველოში ძირითადი პრობლემა არის შეუსაბამობა იმ ცოდნასა და უნარებს შორის, რასაც ერთი მხრივ, სტუდენტი იძენს სასწავლებელში და მეორე მხრივ, დამსაქმებელს და დღევანდელ შრომის ბაზარს ესაჭიროება. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2014-2019 წლებში ვახორციელებთ პროექტს „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს“, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტით.  ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას საქართველოში.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საქართველოს განათლების სიტემის ხელშეწყობა, რომელიც დაეხმარება ქვეყანას გადავიდეს ეკონომიკის განვითარების შემდგომ ეტაპზე, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების მეშვეობით. საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები, აგრეთვე, განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაც ამას გვიჩვენებს, რომ ეკონომიკის გაძლიერება და არსებული გამოწვევების გადაჭრა დამოკიდებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებზე, კონკრეტულად კი ინჟინრებზე, ტექნოლოგებზე და საბუნებისმეტყველო დარგების პროფესიონალებზე.

ჩვენი ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოვლინა  აღნიშნულ სფეროებში კვალიფიციური, განათლებული და მომზადებული კადრების დეფიციტი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ადგილობრივი რესურსებით ვერ ვპასუხობთ საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგის მოთხოვნებს; ამ დარგების მიმართ  განსაკუთრებით დიდია  ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი. შესაბამისად, ჩვენი ყველა პროგრამა, რომელიც განთლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით ხორციელდება და თანხვედრაშია მიმდინარე რეფორმებთან, ხელს უწყობს კვალიფიციური, თანამედროვე უნარებისა და ცოდნის  მქონე კადრების მომზადებას პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებზე.

– მისიის შესასრულებლად გაიწერა 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რა ძირითადი მიმართულებები შევიდა სამოქმედო გეგმაში?

 გამომდინარე იქიდან, რომ კვლევებში პრობლემურ სფეროებად STEM (Science, Technology, Engineering, Math)  მიმართულება გამოიკვეთა, 2014-2019 წლის პერიოდში ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროების სპეციალისტების მომზადებას. აშშ-ის მთავრობისა და ხალხის ეს უმსხვილესი ინვესტიცია განათლების ყველა სექტორს მოიცავს და მისიის შესასრულებლად, ერთგვარ ლოგიკურ ბმას გადის ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებამდე.

უფრო კონკრეტულად, ფონდის საქმიანობა 3 ძირითად მიმართულებად იშლება:

  • 76 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება ზოგადი განათლების მიმართულებით: საჯარო სკოლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგის, მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები იმაღლებენ კვალიფიკაციას. საქართველოს მასშტაბით შერჩეულია სკოლები, რომელთაც სრული რეაბილიტაცია უტარდება და აღიჭურვება უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით.  ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებლად გვჭირდება კარგი მენეჯერები სკოლის სისტემაში, ამიტომ ყველა საჯარო სკოლის დირექტორი მონაწილეობას იღებს დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილ გადამზადების პროგრამაში.
  • 16 მილიონი ამერიკული დოლარი ხმარდება პროფესიული სასწავლებლებისთვის საერთაშორისო დონისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და ინფრასტუქტურის მოწყობას. ძალიან მალე გვეყოლება კვალიფიციური კადრები, რომლებიც სრულად უპასუხებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს.  ამ პროექტის ფარგლებში 40-მდე ახალი პროფესიული საგანანმანათლებლო პროგრამა შეიქმნება, რომლის უმეტესობას აქვს საერთაშორისო სერტიფიცირება და შექმნილია დამსაქმებლების ჩართულობით, რომ კურსდამთავრებულების მიმართ მათი მოთხოვნები სრულად იყოს გათვალისწინებული.
  • 30 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტისთვის – საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტი – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოვიდა, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბაკალავრიატის პროგრამებს. 2014 წლიდან სტუდენტებს საქართველოში აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მესამე წელია წამატებით ფუნქციონირებს და ბაკალავრის 6 პროგრამას ახორციელებს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.  აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს სამივე სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესი, ლაბორატორიების და აუდიტორიების რეაბილიტაცია და უახლესი აღჭურვილობით მოწყობა, ქართველი პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება, რაც გრძელვადიან ხედვაში ძალიან მნიშვნელოვანია.

– ქალბატონო მაგდა, როგორია ფონდის საქმიანობის ამ დროისთვის მიღწეული შედეგი, თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ მაჩვენებელზე?

– 7200 მასწავლებლის გადამზადების პროცესი დასრულებულია, საჯარო სკოლების 1800-მა დირექტორმა გაიარა გადამზადების პირველი ეტაპი. 29 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. 32 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო წელს ზაფხულში, ჯამში 90-მდე სკოლის რეაბილიტაციის განხორციელებას ვგეგმავთ 2019 წლამდე. პროფესიული სასწავლებლებისთვის გაიცა 10 მსხვილი გრანტი 12 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხორციელდება ახალი აღჭურვილობის შესყიდვა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან 40 ახალი პროფესიული პროგრამა შევა ძალაში. მესამე წელია ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში იღებს ბაკალავრიატის სტუდენტებს, 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით სამი პარტნიორი უნივერსიტეტის ბაზაზე, საფუძველი ჩაეყარა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობის პროექტს, რომლის მშენებლობა წელს სექტემბერში დაიწყება. 40-ზე მეტმა ქართველმა პროფესორ-მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღო პროფესიული განვითარების პროგრამაში აშშ-ში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში.

ამ რაოდენობრივი შედეგების გარდა, ძალიან მაღალია ხარისხობრივი შედეგიც. ყველა პროცესში ჩართული არიან  ქართველი პროფესიონალები და იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, პროექტების თანმიმდევრული დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობენ  და ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. დღეს გადადგმული ნაბიჯები შედეგს მინიმუმ 5 წლის შემდგომ გვაძლევს. განათლებაში  დიდი მიღწევების სწრაფად განხორციელება რთულია, თუმცა, თუ დროულად არ დავიწყებთ ქმედებას და იმის შეცვლას, რაც განვითარებას უშლის ხელს, შეგვიძლია გაუთავებლად ვისაუბროთ ამ გამოწვევებზე და ვერაფერს მივაღწიოთ.