“ანაკლია სითი“ ციურიხის ბიზნეს კონფერენციაში მონაწილეობს

თბილისი (BPI) – “ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით შვეიცარიას ეწვივნენ.

„ანაკლია სითი“ ციურიხში სამხრეთ კავკასიის ბიზნეს კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია, სახელწოდებით: „სამხრეთ კავკასია – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი: ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინი“ –  ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის სფეროებში ახალი კონტაქტებისა და თანამშრომლობისთვის  ახალი იდეების მოძიებას ეძღვნება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქეთი ბოჭორიშვილმა პრეზენტაციაში, თემაზე „ანაკლია – სატრანსპორტო და ბიზნეს ჰაბი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის“, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა ლოგისტიკურ, სატრანსპორტო და სამრეწველო საქმიანობით დაკავებულ სხვადასხვა მულტინაციონალურ  კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებასთან ერთად 2017 წლის ივნისში ქალაქ ანაკლიის პროექტი დაიწყო. აღსანიშნავია რომ ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა ამა წლის 20 დეკემბერს დაიწყება და 2021 წელს უკვე მოხდება გემების მიღება, რაც დამატებით შესაძლებებლობს გააჩენს პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ქალაქი ანაკლია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება, რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა.  ქალაქის გაშენებაანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. „ანაკლია სითი“ თავდაპირველ ეტაპზე მოიაზრება, როგორც ლოჯისტიკური და მსუბუქი მრეწველობისათვის განკუთვნილი სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც განვითარების ეტაპებზე სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვდება და ის როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. გამოიყოფა საგანმანათლებლო  ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.  სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას,  ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის, როგორც ექსპორტის წახალისების, ასევე განვითარების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და სხვა მიმართულებებით.