აკაკი ზოიძე თამბაქოზე აქციზის ზრდას აანონსებს

თბილისი (BPI) – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თამბაქოზე აქციზის ზრდას აანონსებს, – ინფორმაციას “იმედი” აქვეყნებს. ტელევიზია ზოიძეზე დაყრდნობით წერს, რომ თამბაქოს აქციზის გადასახადი კიდევ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს პროდუქტები გაძვირდება.

“საუბარია მოხმარების შემცირებაზე. ჩვენი გათვლებით, აქციზის ფასის ყოველი 10%-ით მატება იწვევს 5-8%-ით მოხმარების შემცირებას. თუ ადრე ადამიანი 20 ღერს ეწეოდა, ახლა მოწევს 8-9 ღერს. ჩვენს შემთხვევაში მოწევის 15%-იანი შემცირება იმიტომ მოხდა, რომ დაახლოებით 30%-ით მოიმატა აქციზმა. მწეველთა რაოდნობა შესაძლოა ბევრით არ მცირდება, თუმცა თითოეული მწეველი სულ უფრო ნაკლებს ეწევა ფასის გამო. გარდა ამისა, კომპანიებმა მარაგებიც შეამცირეს, რადგან ახალ რეგულაციებს ელოდებიან, რომელიც თამბაქოს ახალი კანონმდებლობით უნდა ჰქონდეთ. ვინაიდან შესაცვლელი იქნება შეფუთვები, მარაგებს არ იტოვებენ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ვალდებულება და აქციზმა უნდა მოიმატოს ეტაპობრივად და 2020 წლამდე ამ მატებამ 1/3 უნდა შეადგინოს. მაგალითად, თუ ახლა ფილტრიან სიგარეტზე აქციზი დაახლოებით 2 ლარი ღირს, უნდა გახდეს 3 ლარამდე. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თამბაქოზე აქციზის მომატებას”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრის ფიცი დადო, თამბაქოს მოხმარება შეწყვიტა”, – ამბობს ზოიძე.