აჩუქე სითბო – წითელი ჯვრის საზოგადოება წინასაახალწლო სოციალურ კამპანიას იწყებს

თბილისი (BPI) –  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წინასაახალწლო სოციალურ კამპანიას #აჩუქესითბო იწყებს. ორგანიზაციის ცნობით, კამპანიის მიზანია საზოგადოებას დაინახოს მარტოხელა ხანდაზმული ადამიანების ხვედრი საქართველოში, ორგანიზაცია საზოგადოებას გააცნობს მათ ისტორიებს და მოვუწოდებს ყველას ქველმოქმედებისკენ, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში.

9 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, სავაჭრო ცენტრში „გალერია თბილისი“ მოეწყობა „წითელი ჯვრის კუთხე“, სადაც თაროებზე განთავსდება მარტოხელა ბენეფიციარების ისტორიები და ყველა მსურველს ექნება საშუალება შეიძინოს ეს ისტორიები და ამ გზით თავისი წილი სითბო აჩუქოს მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქვე განთავსდება შემოწირულობის ყუთი, საიდან შემოსული თანხაც მოხმარდება მარტოხელა ხანდაზმულების საჭიროებებს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და მოხალისეები აქტიურად იქნებიან ჩართული მთელი აქციის განმავლობაში.

“ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს კამპანიაში, რომელიც გთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც ვერ ხედავ, ვერ ეხები, მაგრამ შეგიძლია იგრძნო სითბო – #აჩუქესითბო”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.

ხანდაზმული ადამიანების მხარდაჭერა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ მარტოხელა ხანდაზმულებზე, რომლებსაც გვერდით არავინ ჰყავთ და მძიმე სოციალურ პირობებში უხდებათ ცხოვრება. სწორედ მათ მხარდასაჭერად ხორციელდება აღნიშნული სოცალური კამპანია „#აჩუქესითბო“.

აქცია გაიმართება სავაჭრო ცენტრში „გალერია თბილისი“ 0 სართულზე მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით.