აჭარის მთავრობა პრივატიზაციიდან 35 მლნ ლარის მობილიზებას ელის

თბილისი (BPI) – 2017 წელს აჭარის მთავრობა რესპუბლიკურ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 35 მლნ ლარის მობილიზებას ელის. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტით დაგეგმილ მაჩვენებელს რამდენადაც აჭარის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით, გაწერილია 21,055 მლნ ლარი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის არაფინანსური აქტივების (მიწა) კაპიტალური შემოსავლების გეგმა 18,875 მლნ ლარია, ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან (ქონება) შემოსასვლელი გეგმა 2,18 მლნ ლარი.

სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 1 სექტემბრისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოსული კაპიტალური შემოსულობა 15 669 600 ლარს აღწევს, საიდანაც არაფინანსური აქტივების (მიწა) შემოსულობა 13 255 300 ლარია.

დარჩენილი შემოსასვლელი კაპიტალური შემოსავლების მოცულობა 19 787 150 ლარია, აქედან გაყიდული მიწიდან დაგეგმილი შემოსავლების მოცულობა 18 247 400 ლარია, შენობის გაყიდვიდან – 1 539 750 ლარი.

დარჩენილი შემოსასვლელი კაპიტალური შემოსავლები (გეგმა) – 5 385 400 ლარია.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ უკვე გაყიდა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანია „მწვანე ხეივანმა“ ბიუჯეტის სასარგებლოდ ყველაზე დიდი მოცულობის თანხის 5,335 მლნ დოლარს დეკემბრის ბოლომდე ჩარიცხავს, მისაღებ თანხებს შორისაა აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-/აბუსერიძის ქ.N 17-ში მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის პრივატიზების შედეგად დაგეგმილი შემოსავალი. ამ შემთხვევაში ინვესტორმა ჯორჯი რურუამ რამდენიმე ნაკვეთი შეიძინა, მთლიანობაში ბიუჯეტი პრივატიზაციის შედეგად 10 მლნ-მდე ლარს მიიღებს, ასევე დეკმებრის ბოლომდე. მსხვილ პრივატიზებულ ობიექტებს შორის შედის ბათუმში კახაბერის დასახლებაში მდებარე 15 000 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც აჭარის მთავრობა ბიუჯეტში 1 მლნ დოლარის შემოსავალს დეკემბრის ბოლოსთვის მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის გეგმა 18 მლნ ლარს შეადგენს. 2016 წლის არაფინანსური აქტივების (მიწა) კაპიტალური შემოსავლების გეგმა 13 550 000 ლარია; ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან (ქონება) შემოსასვლელი გეგმა – 4 450 000 ლარი.

2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული კაპიტალური შემოსულობა შეადგენს 8 484 600 ლარს. 2016 წლის არაფინანსური აქტივების (მიწა) შემოსულობა – 6 695 100 ლარს.