აჭარის მთავრობა ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას განმეორებით აუქციონზე 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას განმეორებით აუქციონზე 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის. ელექტრონული აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ქონების საწყისი ფასი აუქციონზე პირველად გამოტანის დროს 15 მლნ ლარი იყო, ამჯერად კი 9  მლნ ლარით განისაზღვრება.

პირობებიანი ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25/კ. გამსახურდიას ქ.N12-ში მდებარე ჯამში 2623,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის და ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25-ში მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ  უძრავ ქონებას გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შენობის გუმბათზე დამონტაჟებული საათი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია მოაწყოს მინიმუმ 20 ნომრიანი სასტუმრო, აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები და 2 წელში 12 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადოს. გარდა ამისა ინვესტორის ვალდებულებად ითვლება 50 მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ  90%-ს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეები; მასვე ევალება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საათის მოვლა-პატრონობა.

ინვესტორის ვალდებულებაა სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის პროფილის და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 49 წლის ვადით შენარჩუნება.

აუქციონი 2017 წლის 16 ნოემბერს დასრულდება.

შეგასხენებთ, რომ აჭარის მთავრობას ქონება აუქციონზე რამდენჯერმე ჰქონდა გამოტანილი, თუმცა მაშინ ქონება ვერ გაიყიდა.