აჭარის მთავრობა ბათუმში სებ-ის ყოფილ შენობას განმეორებით აუქციონზე ყიდის

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობამ ბათუმში მდებარე სებ-ის ყოფილი შენობა განმეორებით აუქციონზე გამოიტანა, სადაც სამომავლოდ სასტუმრო უნდა განთავსდეს.

მ. აბაშიძის ქუჩა N25-ში მდებარე 2 464,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საწყისი ღირებულება 6,2 მლნ დოლარია. საპივატიზაციო პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის საფასურის გადახდა 2016 წლის 20 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს.

ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში მინიმუმ 25 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, სამორინე და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ი უნდა მოაწყოს/აამოქმედოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში, ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს ასევე, შენობაში განთავსებული, ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული (შენობის გუმბათი) საათის მოვლა-პატრონობაზე, მის მფლობელთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. პირობების მიხედვით, ინვესტორმა პროექტში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს ასევე არანაკლებ 80 მოქალაქის დასაქმება, საიდანაც არანაკლებ 90%-ი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ბათუმში მდებარე სებ-ის ყოფილი შენობის გასხვისება 13 მაისისთვის ცანიშნულ აუქციონზე იგეგმება.