2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ კანონპროექტს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი დღეს წარადგენს

თბილისი (BPI) – 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს, დღეს პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გუშინ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ბიუჯეტის პროექტის ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა და გათვალისიწნებულია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველად პროექტთან შედარებით საბიუჯეტო დეფიციტი 1.6%-დან 1.4%-მდე მცირდება, ხოლო შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტი 95 მლნ. ლარით გაიზრდება. კაკაურიძემ ფინანსური და არაფინანსური აქტივების მაჩვენებლები და საშინაო და საგარეო ვალის მომსახურებაზე მიმართულ ფინანსურ ოდენობებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადრება იმ სამინისტროების ასიგნებებზე გაამახვილა, რომელთა დაფინანსებაც წინა პროექტთან დაკავშირებით კიდევ უფრო იზრდება. კერძოდ საუბარია განათლების და მეცნიერების, გარემოს დაცვის და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებზე, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 3.3 მლნ. ლარი გამოეყოფათ.

14.5 მლნ. ლარით იზრდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო სოფლის მეურნეობის უწყებას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის დამატებით 10 მლნ. ლარი გამოეყოფა. საკომიტეტო მოსმენების პერიოდში გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად დაფინანსება საგარეო სააქმეთა სამინისტროს (4 მლნ. ლარი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც (1 მლნ. ლარი) გაიზრდება.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის პრეზენტაციის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატები პენსიის ზრდის საკითხით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების, მინისტრების და მათი მოადგილეების სახელფასო პოლიტიკით და სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამებით დაინტერესდნენ.

ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ძირითადი ფინანსური დოკუმენტი კვლავ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.