11 ნოემბერს ენერგოეფექტურობის ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI) – ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 11 ნოემბერს, 12 საათზე, ენერგოეფექტურობის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი თბილისში, ღია ცის ქვეშ, რიყის პარკში გაიმართება.

ფესტივალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” საერთაშორისო სასკოლო პროექტის “SPARE” ფარგლებში მართავს.

ფესტივალის პარტნიორია კომპანია ინტეკი – ინოვაციური ტექნიკის მაღაზია. ფესტივალზე გაიმართება ეკოვიქტორინა სკოლის მოსწავლეთათვის, რომლის გამარჯვებულებიც მონაწილეობას მიიღებენ ელექტრო ჰოვერბორდებით რბოლაში. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე კომპანია ინტეკისგან საჩუქრად მიიღებს ელექტრო ჰოვერბორდს. მეორე ადგილზე გასული მოსწავლე დაჯილდოვდება სმარტფონების გარე დამტენით, მესამე ადგილზე გასული მოსწავლე კი – ინტეკის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით. (რბოლაში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ჰოვერბორდის მართვის ცოდნა).

ენერგოეფექტურობის ფესტივალზე, ასევე, მოეწყობა სხვადასხვა ეკოთამაშები და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის. ფესტივალზე გამოიფინება ენერგოეფექტური მოწყობილობები. აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების საკითხებში, ასევე ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა საზოგადოებაში. ღონისძიება დასრულდება 15 საათზე. დასწრება თავისუფალია.