1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება

თბილისი (BPI) – 2018 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება.
კონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში განხორციელდება ეტაპობრივად, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ავტომობილების მფლობელთა ინტერესები. შესაბამისად, ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში – 2019 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. ესენი არიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები.
პტი-ს დაწყების შემდგომ ეტაპზე, ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები, ასევე დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს. მომდევნო ეტაპზე ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი – 2019 წლის ბოლომდე. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.
ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე – ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე – ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის – ყოველწლიურად. ასევე მნიშვნელოვანია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა იცოდნენ, რომ არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ (მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება).
მიდგომა ყველასთვის ერთნაირია – მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს. რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა. უახლოეს ხანში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ.
ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით „1484“
საავტომობილო გზებზე უსაფრთხოება, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, ჯანსაღი გარემო და ეკოლოგია ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, რადგან ეს არის საკითხები, რომლებიც პირდაპირ ეხება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ მიმართულებებს, ქვეყანაში ხორციელდება არაერთი პროექტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ. რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან და შვეიცარულ საკონსულტაციო კომპანია SGS-თან ერთად ახორციელებს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულყოფილად წარმართვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების ინსპექტირების ცენტრების შექმნა და გადაიარაღება. სწორედ ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროსა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე უკვე გამოქვეყნებულია შვეიცარიული კომპანია SGS-ის ( კომპანია შერჩეულია ინტერესთა მოწვევის გზით და კონსულტაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მომზადების პროცესში) სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის იმპლემენტაციის ანგარიში, რომელიც ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია არსებული და დაინტერესებულმა ბიზნესისთვის, რომ მათ, ამ ანგარიშის საფუძველზე მთავრობის მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, თანმიმდევრულად და რეალურ დროში შეძლონ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნა, გადაირაღება, აღჭურვა და სავალდებულო სტანდარტების დაკმაყოფილება. საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 35 ხაზი, თუმცა, წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება (მინიმუმ გაორმაგდება) სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა. პროცესი იქნება გამჭვირვალე: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აღრიცხვა-კონტროლის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში გადაეცემა და შეინახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარისშწორებით. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეღირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარი. ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად. აქვე ავღნიშნავთ, რომ გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები.