ილიაუნის ბიზნეს სკოლაში ფინანსური განათლების ცენტრი დაფუძნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებმა“ ფინანსური განათლების ცენტრი დააფუძნეს.

ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მედიას ბიზნესის სკოლის დეკანმა წარუდგინა. გიორგი ქადაგიძემ ეკონომიკური მედია სკოლის კურსდამთავრებულებს წაუკითხა ლექციაც ,,განათლება და ეკონომიკური ზრდა“.

უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანებული ძალებითა და რესურსებით, ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით იმუშავებენ. დაგეგმილია ერთობლივი პროექტები, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, კვლევებს, სადისკუსიო შეხვედრებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო და სტუდენტურ აქტივობებს.

ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის ცენტრი ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან: სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.

საზოგადოება განიცდის ფინანსური განათლების ნაკლებობას, ფინანსურ ოპერაციებთან და რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტს და შესაბამისად, ფინანსური განათლების ცენტრის მიზანია რისკის მინიმუმამდე დაყვანა, მომხმარებელთა ინფორმირებულობა. ინფორმირებული და განათლებული საზოგადოება კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი, ჯანსაღი და ეფექტიანი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.