იაფი ფული და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება: განვითარების ბანკის საჭიროება

თბილისი (BPI) – “მთავრობის მიზანი იმის ოდნავ უკეთესად ან უარესად კეთება კი არ უნდა იყოს, რასაც ინდივიდები უკვე აკეთებენ, არამედ იმის გაკეთება, რაც ამჟამად საერთოდ არ კეთდება”.

ჯონ მეინარდ კეინზი

 

რა ღირს საქართველოში ფული? ზოგადად რა არის ფული ფასი?  ფულის ფასი ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რასაც გვახდევინებენ ბანკები სესხის აღების დროს (არსებობს ფულის ფასის სხვა განმარტებაც). წარმოების პროცესში, ფირმის წარმატებას (მომგებიანობას) განსაზღვრავს მეტწილად ორი რამ: პირველი – ეს არის დანახარჯები და მეორე – მოთხოვნა წარმოებულ პროდუქციაზე. სწორედ პირველ კომპონენტში შედის ფულზე გაწეული დანახარჯები. რაც უფრო მეტ ფულს  იხდის ფირმა საბანკო სესხის პროცენტში (ფულის ფასი), მით უფრო მაღალია მისი დანახარჯები, მაშასადამე მოგება მცირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 15%-ს წლიურად. უხეში დათვლებით (მარტივი პროცენტით), გამოდის, რომ ყოველ ნასესხებ 100 ლარზე, ფირმებმა თუ ფიზიკურმა პირებმა უკან უნდა დააბრუნონ, 15 ლარით მეტი წლიურად. ფირმების მომგებიანობა, რაც ნიშნავს 1 ლარის (დოლარის) ინვესტირებაზე მიღებულ სარგებელს ხარჯების გასტუმრების შემდეგ, საქართველოში ნაკლებ სავარაუდოა, რომ პროცენტულად უტოლდებოდეს საპროცენტო განაკვეთში გადახდილ ფულს. გამოდის, რომ ქართული ფირმებისთვის ფულის ფასი საკმაოდ მაღალია. ამას მოწმობს მრავალი კვლევა, მათ შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომელიც ამბობს, რომ ქართული ბიზნესისთვის ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, იაფი და ამავე დროს ე.წ. “გრძელვადიანი ფული”. კომერციული ბანკები კონსერვატიულები არიან და სესხების გაცემის დროს ნაკლებ რისკს სწევენ. ამას ემატება ისიც, რომ ისინი მოკლევადიან მოგებას ესწრაფვიან და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ფულს ვერ სთავაზობენ ადგილობრივ მეწარმეებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომერციულ ბანკებს აქვთ საკუთარი სეგმენტი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

იმისთვის, რომ ქვეყნებმა გადალახონ განვითარების წინაშე მდგარი დაბრკოლებები და შექმნან ჯანსაღი საზოგადოებები, ისინი სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, აფუძნებენ განვითარების ბანკს. მარიანა მაცუკატო და კაეტანო პენნა გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომელსაც ემსახურება განვითარების ბანკები, მათ შორის: ანტი-ციკლური ზომები, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მისიაზე ორიენტირებული ფინანსების მიწოდება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სტატიაში შევჩერდები მხოლოდ მისიაზე ორიენტირებულ და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ მიზნებზე. თუმცა, განმარტებისთვის დავძენ, რომ განვითარების ბანკების ანტი-ციკლური მოქმედებები, მიმართულია კაპიტალიზმის ციკლების (ან ე.წ. ბიზნეს ციკლების) მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე კომპანიებისთვის იაფი ფულის მიწოდებით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მართლაც, განვითარების ბანკები, აფინანსებენ სახელმწიფო მნიშვნელობების მაგისტრალების, პორტებისა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტების მშენებლობას.

საქართველოს მთავრობა იყენებს რამოდენიმე ინსტრუმენტს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებისთვის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე არსებულ “აწარმოე საქართველოს” პროგრამას და საქართველოს საპარტნიორო ფონდს. სწორედ ეს უკანასკნელი შეიძლება მივიჩნიოთ განვითარების ბანკის ჩანასახოვან ფორმად, რომელიც ითავსებს ამგვარი ბანკების გარკვეულ ფუნქციებს. საპარტნიორო ფონდი, აქტიურად აფინანსებდა ქვეყანაში პრიოტეტულ დარგებად გამოცხადებულ პროგრამებს, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით. თუმცა, წარმოების განვითარებას და ინოვაციებს ფონდის საქმიანობაში მინიმალური როლი აქვს.

საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე საუბარი დაიწყო 2014 წლიდან. საქართველოს მთავრობამ გერმანიის განვითარების ბანკს (KFW) სთხოვა დახმარება საპარტნიორო ფონდის რეფორმირებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა საუბრობდა საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე, რომლის მიხედვითაც საპარტნიორო ფონდს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა მაღალ რისკიან ეკონომიკურ სექტორებზე (სადაც კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ ნაკლები ინტერესი). თუმცა, საპარტნიორო ფონდის რეფორმა ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა და განვითარების ბანკის შექმნაზე საუბარი აღარ გრძელდება.

თუ გადავხედავთ, საპარტნიორო ფონდის საქმიანობას, აღმოვაჩენთ, რომ ეს ინსტიტუტი მეტწილად ორიენტირებულია კომეციულად მომგებიან პროექტებზე. ის მხედველობაში ნაკლებად იღებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: დასაქმების პოტენციალი, ინოვაციურობა, პოზიტიური გვერდითი ეფექტები (possitive externality) და განვრცობადი ეფექტის (technological spillovers) პოტენციალი. შესაბამისად გამოდის, რომ საპარტნიორო ფონდი ისეთ სექტორებშია ჩართული, სადაც ფინანსური კაპიტალის მოზიდვის შანსები ისედაც მაღალია. საპარტნიორო ფონდი ყველაზე მეტად აქტიურია ენერგეტიკისა და უძრავი ქონების მიმართულებით და ამ ორ მიმართულებაზე პროექტების საერთო ღირებულების 90%-ი მოდის, მაშინ როცა მრეწველობის განვითარების წილი საპარტნიორო ფონდის პროექტების ღირებულების მხოლოდ 6,9%-ია.

ახალი განვითარების ბანკის ძირითადი კონტურები

ქართულ ეკონომიკას სასიცოცხლოდ სჭირდება განვითარების ბანკი და იაფი ფული, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას და ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას. პირველი, დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში მეტისმეტად გამოუყენებელია ადამიანური რესურსები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ჰყავს უმუშევართა არმია. სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო, მაღალია მიგრაციაც. ამ რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია სტრატეგიული ინვესტიციების გაკეთება იმ დარგებში, რომლებიც ქმნიან კარგად ანაზღაურებად და სტაბილურ სამუშაო ადგილებს.

გამოდის, რომ ქართულ სახელმწიფოს მოუწევს ფართო მასშტაბიანი რე-ინდუსტრიალიზაციის ჩატარება, რისი “ფინანსური მკლავიც” უნდა გახდეს განვითარების ბანკი. ბუნებრივია, უმჯობესი იქნება თუ განვითარების ბანკი დაფუძნდება უკვე არსებული უწყების ბაზაზე. ამის საუკეთესო ვარიანტია, საპარტნიორო ფონდი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება მსხვილი საინვესტიციო პროექტების მართვის მხრივ. ამის შესახებ საუბარია, KFW-ს ანგარიშში, რომელიც საქართველოში განვითარების ბანკის შექმნის პერსპექტივებს ეძღვნება.

ეკონომიკური განვითარებისთვის, არსებითია რომ განვითარების ბანკი ორიენტირებული იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე, მათ შორის სტარტაპების დაფინანსებაზე (რომლებსაც აქვთ კომერციული ბანკებისგან სესხის მიღების შესაძლებლობა). მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს გადამამუშავებელ მრეწველობაზე, რომელიც ქმნის სტაბილურ და მაღალ-ანაზღაურებად სამუშაოებს. განვითარების ბანკის საქმიანობაში უნდა შედიოდეს ისეთი პროექტების წახალისება, რომლებიც ემსახურებიან ტექნოლოგიების ტრანსფერს და მათ ადაპტაციას ადგილობრივ ეკონომიკაში.

ტატო ხუნდაძე