ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნის მიუხედავად, საწვავის მოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზეა

თბილისი (BPI) – საქართველოში ჰიბრიდული ტიპისა და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ ამის მიუხედავად როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, საწვავის მოხმარების მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

“საქართველოში იზრდება ჰიბრიდული ტიპისა და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი, რომელიც საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული ბენზინის ალტერნატივა – ბუნებრივი აირის (CNG) ქსელი. შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც იზრდება ასევე თხევადი აირის (LPG) გამოყენება ავტომობილებში. მიმდინარე წლის I კვარტლის შედეგებით საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა”, – განმარტავენ კავშირში.

ორგანზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში ქვეყანაში იმპორტირებული 52,4 ათასი ტონით მეტი ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში და 242,5 ათასი ტონა შეადგინა. აქედან ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 127,9 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტმა – 114,5 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 84,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,8%-ია. შემდეგ მოდის: რუმინეთი – 58 ათასი ტონა (23,9%), თურქმენეთი – 39,3 ათასი ტონა (16,2%); აზერბაიჯანი – 30,6 ათასი ტონა (12,6%), ბულგარეთი – 18,2 ათასი ტონა (7,5%); საბერძნეთი – 11,8 ათასი ტონა (4,9%).