Gulf Air-ი ზაფხულის სეზონზე თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

თბილისი (BPI) – ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში თბილისის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, Gulf Air-ი 19 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად 5 სიხშირით შეასრულებს.

ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს A A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.

Gulf Air ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მქონე ავიაკომპანიაა, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.