გუდაურში, 2800 მეტრის სიმაღლეზე სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

თბილისი (BPI) – გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა. სკოლა 2800 მეტრის სიმაღლეზეა და როგორც გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ალიან სჭირდება.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას.

სკოლის გახსნისთვის 0,5 მლნ დოლარი გამოყო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“.

აღსანავია, რომ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გახსნა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დაფუძნების შესახებ შეთანხმება განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებმა, “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ გააფორმეს.

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა