გიორგი ქობულია: საქართველოს ენერგოსისტემაში სტაბილურობის შესატანად სერიოზული გეგმა გვაქვს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ეწვივნენ და სისტემაში არსებულ მდგომარეობას, კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

„განვიხილეთ განვითარების 10-წლიანი, ძალიან სერიოზული გეგმა, რომელიც დაგვეხმარება, სრული სტაბილურობა შევიტანოთ საქართველოს ენერგოსისტემაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, განვითარების გეგმა აგრეთვე უზრუნველყოფს ყველა ახლადაშენებული ჰიდრო და თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებას. „შედეგად ჩვენ უახლოეს მომავალში ვიქნებით აბსოლუტურად უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით, ამასთან, ეს ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგრამაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ და ნინო ენუქიძემ ინფორმაცია სსე-ის რეაბილიტაციის მმართველ სულხან ზუმბურიძისგან მოისმინეს და მასთან ერთად განიხილეს ის პროექტები, რომლებიც წელს იწყება და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.

როგორც სულხან ზუმბურიძემ აღნიშნა, ეს პროექტები მიმართულია როგორც ქვეყნის შიდა სტაბილურობის, ისე საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ. სამინისტროს ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში, ის პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც ხორციელდება SCADA-ს სისტემით. სტუმრებმა მოისმინეს სსე-ის რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

თბილისი (BPI)  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო …