გიგა კაცია: 2019 წელს რეგიონების წყალმომარაგების პროექტებზე ₾290 მლნ-მდე დაიხარჯება

თბილისი (BPI) – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ რეგიონებში წყალმომარაგება – წყალარინების კუთხით არსებულ ვითარებაზე გადაცემა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

კაციას განცხადებით, მომავალ წელს რამდენიმე მასშტაბური პროექტი დაიწყება, რომელთა განხორციელებაზეც დაახლოებით 290 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიას  მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა  დასრულებული აქვს.

,,კომპანიამ უკვე დაასრულა მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა. 2019 წელს დაგეგმილი პროექტებისთვის გამოყოფილი  200 მილიონი ლარიდან,  180 მილიონი  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, 20 მილიონი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი.  გარდა ამისა, მომავალ წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წყალმომარაგების პროექტებზე 90 მილიონ  ლარამდე დახარჯვას ვგეგმავთ. ჩვენი ძირითადი პარტნიორია აზიის განვითარების ბანკი, ასევე ვიწყებთ აქტიურ თანამშრომლობას  გერმანიისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოებთან“-განაცხადა გიგა კაციამ.

მისივე თქმით,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გეგმის მიხედვით დაწყებული   პროექტების   80% უკვე დასრულებული აქვს.

,,90-იანი წლებიდან მოყოლებული რეგიონებში წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოძველებულია,  რიგ ადგილებში  კი საერთოდ არც არსებობდა.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კაპიტალტევადი დარგი,  სადაც ყველაზე დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. კომპანიის მიერ გეგმის მიხედვით დაწყებული პროექტების 80% უკვე სრულდება. 2013-2018 წლებში პროექტების განხორციელებისთვის  ჯამში 600 00 მილიონი ლარი დაიხარჯა. რა თქმა უნდა, გავქვს გარკვეული ჩამორჩენები, მაგალითად ქალაქ ქუთაისში. სამომავლოდ ვგეგმავთ ინვესტიციების გაზრდას წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 150 მილიონი ლარს შეადგენს, მესამე კვარტლის მონაცემებით  90% ათვისებულია და ჩამორჩენას არ ველოდებით. საუბარია დაახლოებით 25 მილიონზე, რომელიც წლის ბოლომდე ათვისებული იქნება’’-განაცხადა გიგა კაციამ.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …