Georgian Airways-მა პირველად Turkish Airlines-ს გადაუსწრო

თბილისი (BPI) – გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ქართული და თურქული ნაციონალური ავიაგადამზიდავები არიან.

ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Turkish Airlines-ი 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ბაზრის 12-12%-იანი წილის მფლობელები გახდნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 6 თვეში Georgian Airways-ი საქართველოს აეროპორტებში 247 485 მგზავრს მოემსახურა, Turkish Airlines-ი 246 021 მგზავრს და შესაბამისად, რაოდენობრივი მაჩვენებლით ადგილობრივი კომპანია ლიდერობს.

Turkish Airlines-ს ბაზრის წილი არ შეუცვლია და ის კვლავინდებურად 12%-ის დონეზე შეინარჩუნა. Georgian Airways-მა კი მოახერხა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის წილი 3%-ით გაზარდა.

2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ქართული ავიაკომპანიის წილი 9%-ს შეადგენდა. 2018 წლის ორი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა Wizz Air Hungary, რომელიც ექვს თვეში 223 ათას 364 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 11%-ის მფლობელი გახდა. გასული წლის ორი კვარტლის მაჩვენებლებით კი მეორე ადგილზე Georgian Airways-ი და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) იყვნენ 9-9%-ით. გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგში მე-3 ადგილზე ამჯერად არაბული ავიაკომპანია Fly Dubai, უკრაინული FlyUIA და რუსული Ural Airlines-ი მოხვდნენ, რომლებიც ბაზრის 5-5%-ის მფლობელები არიან. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Fly Dubai-მ 2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით ბაზრის წილის 1%-იანი, FlyUIA-მ 4%-იანი კლება დააფიქსირა, ხოლო Ural Airlines-მა კი მოახერხა და საკუთარი შედეგი 2%-ით გააუმჯობესა. 2018 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით, საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან რუსული ავიაკომპანიები Aeroflot-ი და S7 Airlines-ი.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 3-3%-ს აკონტროლებენ Pobeda Airlines-ი და Pegasus Airlines-ი. 2-2%-ს კი ფლობენ Zagros Airlines-ი, Qatar Airways-ი, EL AL Israel Airlines-ი, Air Arabia, Azerbaijan Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Belavia, Air Astana, LOT Polish Airlines-ი, Lufthansa, ATA Airlines-ი, ISRAIR-ი, YANAIR-ი. 2018 წლის ექვს თვეში რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთნაკადში 1-1%-ის მფლობელები არიან Air Baltic-ი, Aegean Airlines-ი, Air Cairo, China Southern Airlines-ი, Kish Airlines-ი, Atlasglobal-ი და Nordavia. 2018 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 87%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 13%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის. 2017 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი 91%-ი უცხოურს, ხოლო 9%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა. PS. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …