გამოწვევები, წარმატებები და გეგმები – ბიზნესი 2017 წელს აფასებს, 2018 წელს ახალი გეგმებით ხვდება

თბილისი (BPI) – როგორი იყო 2017 წელი ბიზნესისთვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შედარებით პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად 2017 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზარდა, ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის ნომინალური მშპ 3 855 დოლარია და ამ მაჩვენებლით საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანას ჩამორჩება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების სიაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ის მოცულობით საქართველო მეცხრე ადგილზეა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიის ლიდერი სამი ქვეყანა ევროკავშირის წევრია და ნატოს შემადგენლობაშია, მომდევნო ხუთი ქვეყნიდან 4 ნავთობისა და გაზის ექსპორტიორია.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.9%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 27%-ით გაიზარდა ექსპორტი, ზრდაა როგორც ევროკავშირის ასევე საქართველოსათვის ტრადიციული ბაზრების რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით.

წარმატებული იყო 2017 წელი მეღვინეებისთვის. გასულ წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 63%-ით გაიზარდა. კვლავ პრობლემად რჩება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რამაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% ანუ 4,684 მლრდ დოლარი შეადგინა. გასულ წლებთან შედარებით ზრდაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით. იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1.346 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს წინსვლა აქვს საერთაშორისო რეიტინგებშიც მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, European Chamber-ის კვლევის – „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და საბერძნეთი. საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-16 ადგილს, Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის  Doing Business 2018 წლის ანგარიშით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და პირველ ათეულში შევიდა.

2017 წელს სპეციალისტები ბიზნესისათვის წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმებას ანუ ეგრეთწოდებულ ესტონურ მოდელს. ეკონომიკისტები აცხადებენ, ამ რეფორმის შედეგები უფრო ხელშესახები 2018 წლის ბოლოს გახდება.

მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბიზნეს გარემო და ეს საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა გადახდისუნარობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, კერძოდ ბიზნესის დახურვის გამარტივებამ. ქვეყნისა და ბიზნესის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედება ჩინეთთან და ევროკავშირთან საკმაოდ დიდ ინფრასრტუქტურილ წარმატებად შეფასდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება. რაც შეეხება მომავალ წელს, ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით, რაც დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გამარტივებული და უსწრაფესი სისტემის დანერგვას გულისხმობს. 2018 წელს დიდი მოლოდინებია ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით – ამ წელს ახალი გზების ასაშენებლად 1,3 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება. დიდი მოლოდინებია ტურისტული სექტორის მიმართულებითაც. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა ხელისუფლებას იმედოვნებს, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2 მილიონით გაიზრდება. მოკლედ თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, 2018 წელი ბევრად წარმატებული იქნება და ამას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს რომელიც მთავრობის განმარტებით, ეკონომიკურ ზრდაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი:

„ვფიქრობ, 2017 წელი მნიშვნელოვანი წელი ანაკლიის პორტისათვის და ქალაქისათვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან შემოვიდა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორი SSA Marine. ეს არის პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამუშაო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთდა და ამის საფუძველზე შევიმუშავეთ მასტერ პლანი, რომელიც გახდა წინაპირობა და კომპანიამ მიიღო მშენებლობის ნებართვა. 2017 წლის 24 დეკემბერი, უმნიშვნელოვანესი თარიღია, რამდენადაც საუკუნის პროექტის მშენებლობა დაიწყო. 2017 წელს ძალიან საინტერესო, წინასწარი სამუშაოები დასრულდა, 2018 წელს ბევრი გამოწვევა და შესაძლებლობები გველის და მნიშვნელოვანი იქნება, რამდენადაც მშენებლობა კიდევ უფრო გააქტიურდება. 2017 წელს ქალაქ ანაკლიის კონცეფციაზე მუშაობა დავიწყეთ, რაც მომავლის ქალაქია და ღრმაწყლოვან პორტთან ერთად მისცემს ქვეყანას საშუალებას, საქართველო გახდეს ძლიერი მოთამაშე საერთაშორისო გლობალურ ბაზარზე და მოვიზიდოთ საერთაშორისო მუნტინაციონალური კომპანიები.

Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი:

2017 წელი საინტერესო იყო, ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა იმ სექტორში, რომელშიც „შუხმან ვაინს ჯორჯია“ მოღვაწეობს. ჩვენი ძირითადი ბიზნესი არის ღვინო, ღვინის წარმოება, სოფლის მეურნეობა, რაც შეეხება სხვა პროექტებს ეს არის გასტრონომიული და ტურისტული მიმართულება: შემომყვანი ტურისტული ოპერატორი „შუხმან თრეველის“ სახელით არის წარმოდგენილი, გასტრონომიული მიმართულება ეს არის ჩვენი თანამედროვე პრეცენდენტის დაშვება ქართულ გასტრონომიულ ბაზარზე, როგორიც არის „მოლეკულა“ – ავანგარდული სამზარეულო და შესაძლებელია დაგემოვნებულ იქნას ჩვენს ბარში „ქარვასლაში“.

მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც საქართველომ განიცადა უცხოეთის ბაზრებზე კონკრეტულად, საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარდგინება საფრანგეთის ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში, სადაც წამყვანი ადგილი და გახსნიდან რამდენიმე თვე ეკავა საქართველოს, ქართულ ღვინოს, სოფლის მეურნეობას, ქართულ ისტორიას და კულტურას. საქართველო გაიცნო მსოფლიო მომხმარებელმა, საქართველოს აქვს სათანადო ადგილი ღვინის მსოფლიო რუკაზე. 2017 წელი მარკეტინგული და ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით მსუყე იყო საქართველოსთვის, გაიზარდა ღვინის რეალიზაცია.

უნდა გამოვყოთ ჩვენი წარმატება – ჩავანაცვლეთ რუსეთის ბაზარი ჩინეთით, ყოველთვის იყო პრობლემები რუსეთის ბაზრის რისკებთან დაკავშირებით (პოლიტიკური და ვალუტის დევალვაციის), ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე დამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი. ჩვენი საექსპორტო ბაზარი უკვე დივერსიფიცირებულია და პროდუქცია 35 ქვეყანაში გაგვაქვს.

წლის განმავლობაში 1,5 მლნ-ნიანი გაყიდვა გვაქვს, აქედან მხოლოდ 15% იყიდება საქართველოში. გაყიდვები მზარდია, ყოველწლიურად მინიმუმ 10%-ით ვიზრდებით.

მნიშვნელოვანია, რომ „შუხმან ვაინსი“ წელს 10 წლის ხდება. ჩვენი მეღვინეები მუშაობენ, რომ შექმნან და ჩამოვასხათ განსაკუთრებული და ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი სასახელო, საიუბილეო ღვინო.

2017 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ISO:22 000 ხარისხის სერტიფიკატის მიღება. ჩვენი შატო არის მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი, ჩვენი სტუმრების 90-% არის უცხოელი, როდესაც ისინი იგებენ რომ ეს არის გერმანული სახელი ნდობა მაინც უფრო მეტია და ამიტომ გამუდმებით ახალ-ახალ სერვისს, ახალ გემოებს ვნერგავთ. ჩვენ ვქმნით საქმეს რომელიც აბედნიერებს და რომელიც გემოებსა და გრძნობებზეა დაყრდნობილი.

კომპანია „გეოპლანტის“ ადმინისტრაციული დირექტორი ვლადიმერ მესხი:

2017 წელი ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია სიახლეებზე და გარკვეული რამდენადაც სიახლეებს ახლავს სირთულეები გარკვეული სიძნელეები გვქონდა.

ქართული ბაზრის ათვისება ჩაი „გურიელის“ ბრენდით 2010 წლიდან დავიწყეთ, დაახლოებით 2 თვეში ბაზრის 13% ავითვისეთ, ახლა უკვე 23%-ს სცილდება ჩვენი წილი. 2017 წელს რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოვიტანეთ ბაზარზე. მნიშვნელოვან ყურადღებას ვანიჭებთ სანედლეულო ბაზარს, ეს რთული საქმეა, მაგრამ ამის გარეშე ჩვენი განვითარება არ გამოვა. გამოვუშვით საშობაო ჩაი პრინცი გურიელი, ის მიმზიდველი და ეფექტური იქნება. ამ დროისთვის ბაზარზე 50-მდე სახეობა გვაქვს გამოტანილი და ყველა სეგმენტს მოვიცავთ. ვაქტიურობთ საექსპორტო მიმართულებით, წარმოდგენილი ვართ ევროპის ყველა ქვეყანაში, შუა აზიის ბაზარზე, რუსეთში მცირე რაოდენობით შემოვიფარგლებით რამდენადაც ბევრი რისკია.

გვსურს, ვიმუშაოთ ბიოჩაის მიმართულებით, ამიტომ პლანტაციებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. მომავალი წლიდან ვიფიქრებთ ამ მიმართულების განვითარებაზე, არ არის გამორიცხული თეთრი ჩაის წარმობაზეც ვიფიქროთ.

ჩვენ 2015 წელს ჩაის დამფასოებელი ახალი საწარმო გავაკეთეთ ოზურგეთში, ჩაიდო სოლიდური ინვესტიციები, გვაქვს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის წარმოების მაღალი დონის დანადგარები.

2017 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 2 თვის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე მერყეობა.

კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე:

2017 წელი ჩვენთვის საკმაოდ რთული წელი იყო. ერთი მხრივ ქართული ვალუტის დევალვაციის გამო, მეორე მხრივ, გაზაფხულის პერიოდში ყინვა იყო, შიდა ქართლში ხილი ფაქტობრივად გაიყინა და ფასები საკმაოდ მაღალი იყო. ამის მიუხედავად ჩვენი ძალებით შევძელით შეგვენარჩუნებინა ფასებიც და ხარისხიც.  2017 წელს ავაშენეთ ახალი საწარმო, რომელმაც ხორცის პროდუქტების წარმოება დაიწყო. გავაქტიურდით საექსპორტო მიმართულებით, რამაც ვალუტა შემოგვიატანა. დავიწყეთ უშაქრო პროდუქციის (ტყემლების, წვენებისა და მურაბების, კამპოტების…) წარმოება.

სულ ვაწარმოებთ 220 სახეობის პროდუქციას და 25 ქვეყანის ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. აშშ და გერმანია ჩვენი ყველაზე დიდი ბაზრებია.

2018 წელს ვგეგმავთ ბიოწვენების წარმოებას. ამისათვის დამატებით კიდევ დაგვჭირდება გაფართოება და გაძლიერება. ამ მიმართულებით 2 მლნ დოლარის ინვესტიცია განვახორციელებთ და დამატებით 50 ადამიანს დავასაქმებთ. ამ დროისთვის კი 300-ზე მეტი ადამინია დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …