ფოთი „კეფალის ფესტივალს“ უმასპინძლებს

თბილისი (BP) – ფოთში „კეფალის ფესტივალი“ 12 აგვისტოს ჩატარდება.  ფესტივალი პირველად იმართება და პროექტის მიზანია, ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე, და ამავდროულად, ფოთელებს აქტიური დასვენების შესაძლებლობა მიეცეთ.

ფესტივალი რამდენიმე ღონისძიებას აერთიანებს: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, საქართველოს ღია პირველობა წყლის თხილამურებში, ფოტოკონკურსი «ფოთი 11/ 11», ადგილობრივი კრაფტის გამოფენა-გაყიდვა, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ბიზნეს-ღონისძიებები, მუსიკალური პროგრამა, ფლეშმობი, საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა, ლაზერული შოუ და ა.შ.

ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ფოთის ცენტრალურ პარკში (ქვესტი), ოქროს ტბაზე და მალთაყვას სანაპიროზე.

კეფალის ფესტივალის მთავარი ღონისძიება გახდება საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო ქვესტი (თამაში) სახელწოდებით არგო ქვესტი / ARGO QUEST. ქვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. თამაში საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ სახის ქვესტი უკვე ტრადიციული გახდა, რადგან პირველად ფოთში ჩატარდა 2017 წელს და მას დიდი გამოხმაურება ჰქონდა. კერძოდ, პროექტი ნომინირებული იყო 2017 Tourism National Award-ზე ნომინაციაში Best Event.

კეფალის ფესტივალი / KEFAL FEST არის კერძო ინიციატივა. პროექტის ორგანიზატორები არიან  ტურისტული კომპანია „ლინატა“ და ივენთ კომპანია „ბრავო“.

პროექტის მხარდამჯერები არიან ქალაქ ფოთის მერია, საქართველოს წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ეროვნული სპორტული ფედერაცია, კოლხეთის ეროვნული პარკი, „ირიდა ჯგუფი“, გალერეა 34, ფოთის მეთევზეთა კლუბი „ფაზისი“, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, Sounds of Georgia/საქართველოს ჰანგები, „ჭადიდა“, ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ და რადიო „ჰარმონია“.

 

შემთხვევითი სიახლე

ეკონომიკის სამინისტრო ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და შესარჩევ კონკურსს აცხადებს. …