ფინანსთა მინისტრი უკან დახევას არ აპირებს

თბილისი (BPI) – ერთი თვის წინ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საბანკო სფერო ეკონომიკის მუხრუჭად შეაფასა. მინისტრის ამ განცხადებას მოყვა ეროვნული ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე სესხების გაცემაზე რეგულაციების დაწესება. 7 მაისიდან შეიზღუდა მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

მამუკა ბახტაძე ტონს არ ცვლის და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას აანონსებს. მისი თქმით აუცილებლად შემოვა ახალი რეგულაციები ლომბარდებთან დაკავშრებით. „ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ როგორც მანქანების, ასევე უძრავი ქონების მიღება. მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას. ძალიან დაბალი დონის არგუმენტაცია მოვისმინეთ ოპონენტებისგან, რომ თურმე ამ შემთხვევაში ადამიანებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის დაწყების სურვილი, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზღუდებათ. რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყარო იყო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, იმ რეგულაციების არარსებობამ, რაზეც ვსაუბრობ, წაახალისა არაჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსა და მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება ავტომობილისა და უძრავი ქონების დალომბარდებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრი სესხების საპროცენტო განაკვეთის წლიური 100%-იანი ზედა ზღვრის განახევრებას აანონსებს. საინტერესოა, რომ აღნიშნული რეგულაცია 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, შედეგად ბაზარზე მოქმედი ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების უმეტესობამ საქმიანობა შეწყვიტა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა. სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესებამდე კრედიტების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 300-400%-ს შეადგენდა და ზოგ შემთხვევაში 1000%-ც კი აჭარბებდა.

„სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაა, რომ პირველ ეტაპზე სესხების წლიური პროცენტის ზედა ზღვარის განახევრება შეგვიძლია და შემდეგ უკვე საბაზო კონიუნქტურა გვიკარნახებს. მეორე ნაბიჯი იქნება ჭერის დაწესება არა მხოლოდ მთლიან ეფექტურ განაკვეთზე, არამედ ჭერის დაწესება ე.წ. განკარგვად შემოსავალზე. ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხები გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ სესხები იმ ოდენობით გაიცეს, რომელიც მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია”, – აღნიშნა ბახტაძემ.

ეროვნული ბანკის ბოლო რეგულაციებს და ფინანსთა მინისტრის საბანკო სფეროს კრიტიკას მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ საფინანსო სფეროდან. მათი თქმით ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ახალი ნორმები ქვეყნის ეკონომიკის განვითრებას შეაფერხებს.

„არ შემიძლია ჩვენს ბევრ ოპონენტებს არ გამოვეხმაურო, რომელმაც ჩვენს ინიციატივაზე სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპის მიკერება სცადეს. თითქოს ეს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. აქ ჩვენ ორი  სცენარი და ვარიანტი გვაქვს. ან ჩვენი ოპონენტების ეკონომიკური განათლების დონე შესაბამისი არ არის, ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები არ სურთ, ძალისხმევას არ იშურებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. ჩვენ მოქალაქეების, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ორიენტირი ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნაშია, რომელიც ევროპაშია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საუკეთესოდ ითვლება. ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება.  ეს სამართლიანი და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადი იქნება”, – ამბობს ბახტაძემ.

საინტერესო წელი გველოდება ეკონომიკური რეფორმების კუთხით. ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებული ინიციატივებიდან ნახევარი მაინც თუ განხორციელდა, ამას ქვეყანაში მნიშნელოვანი ეკონომიკური ძვრები მოჰყვება. აღსანიშნავია მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების პროგრამა, რომლის პარალელურად იგეგმება ფინანსური სექტორითვის ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ბაზარზე, რასაც დღისათვის მოკლებულია ქართველი მომხმარებელი. წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს მამუკა ბახტაძეს ყველაზე გავლენიანი ბიზნესთან – ბანკებთან დაპირისპირებაში. ბოლო 10 წელიწადში ის მაღალი რანგის პირველი ჩინოვნიკია, რომელიც მათ კრიტიკას არ ერიდება.

მერაბ ჯანიაშვილი, CBW